Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიგრანტების ნაწილმა ბელარუსიდან პოლონეთის საზღვარი გაარღვია


ბელარუსის ტერიტორიიდან პოლონეთის საზღვრის გარღვევა შეძლო მიგრანტების ორმა დიდმა ჯგუფმა. ამის შესახებ პოლონური მედია იუწყება სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით. რადიოსადგურ Bialystok-ის ინფორმაციით, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ძალის გამოყენებით, სასაზღვრო ღობეები გაარღვია ქალაქ კრინკის და სოფელ ბელოვეჟის მახლობლად. პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის თანახმად, მიგრანტების ნაწილი უკან დააბრუნეს, დანარჩენების ძებნა კი, გრძელდება.

ბელარუსის და პოლონეთის საზღვარზე ვითარება გამწვავდა 8 ნოემბრიდან, როცა ბელარუსის მხრიდან საზღვართან თავი მოიყარა რამდენიმე ათასმა მიგრანტმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მოხვედრას ცდილობენ. პოლონელმა მესაზღვრეებმა და სამხედროებმა მიგრანტების შეჩერება შეძლეს, რის შემდეგაც ისინი გროდნო-ბელოსტოკის საავტომობილო მაგისტრალთან მდებარე კუზნიცის სასაზღვრო პუნქტის მახლობლად დაბანაკდნენ.

მიგრანტები ბელარუსის და პოლონეთის საზღვართან
მიგრანტები ბელარუსის და პოლონეთის საზღვართან

9 ნოემბერს, პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ საზღვარზე შეიარაღებულ ესკალაციას ელოდება, რადგან ლუკაშენკას რეჟიმის მიზანია მსხვერპლის გამომწვევი სერიოზული ინციდენტის პროვოცირება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიცკიმ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ ლუკაშენკა უბრალოდ ასრულებს იმ დავალებებს, რასაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აძლევს.

2021 წლის მაისში, ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსი აღარ შეაჩერებს ქვეყნის ტერიტორიის გავლით ევროკავშირის ქვეყნებისკენ მიგრანტების გადაადგილებას. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა ლიეტუვისა და პოლონეთისკენ არალეგალურად მიმავალი მიგრანტების რაოდენობა. ევროკავშირმა ბელარუსის რეჟიმი დაადანაშაულა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პასუხად მიგრაციული კრიზისის პროვოცირებასა და ჰიბრიდულ შეტევაში. ვროკავშირმა ლუკაშენკას რეჟიმს სანქციები დაუწესა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების, ოპოზიციის დევნისა და ადამიანის უფლებების მასობრივად შელახვის გამო.

ევროკავშირში ეჭვობენ, რომ ბელარუსის რეჟიმს ქვეყანაში ორგანიზებულად ჩაჰყავს მიგრანტები ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებიდან და მათ გზას უხსნის მეზობელი ლიეტუვისა და პოლონეთისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG