Accessibility links

site logo site logo

თინა ბოკუჩავა: სამწუხაროდ დეპუტატებს არ გვეძლევა ციხეში შესვლის შესაძლებლობა


თინა ბოკუჩავა, დეპუტატი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ დეპუტატებს გლდანის მე-18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის საშუალება არ ეძლევათ. როგორც თინა ბოკუჩავამ გადაცემაში აღნიშნა, მისი ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ციხის ადმინისტრაციამ მიიღო:

„სამწუხაროდ, დეპუტატებს არ გვეძლევა ციხეში შესვლის შესაძლებლობა. მიუხედავად იმის, რომ კანონით გაწერილია, რომ ჩვენ ნებისმიერ ადგილას უნდა შევძლოთ შესვლა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, ისევე როგორც კონსტიტუცია, ითვალისწინებს იმას, რომ პარლამენტის წევრს შეუძლია ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში, მათ შორის წინასწარი დაკავების იზოლატორში შესვლა, მაგრამ რამდენადაც პარლამენტის თავმჯდომარის აპარატი გვაწვდის ინფორმაციას ჩვენ, ჩვენზე დაშვება არ ხდება თავად პენიტენციური დაწესებულების, ანუ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან, რაც არის კანონის დარღვევა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს გადაიყვანეს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, გლდანში მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს. მის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის გამოძიება დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა.

საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს და პენიტენციურ სამსახურს მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში, რადგან პენიტენციური სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის რეკომენდაციებს და გარდა ამისა, ამ დაწესებულებაში სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას.

თვითმმართველობის არჩევნების წინ უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ერთი თვეა მოითხოვს მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში. საქართველოს ხელისუფლება ამაზე თავიდანვე უარს ამბობდა და აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მოხდებოდა მხოლოდ პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. ამას ეწინააღმდეგებოდა თავად მიხეილ სააკაშვილი. მისი ადვოკატების თანახმად, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში უზრუნველყოფილი ვერ იქნება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, არამედ უსაფრთხოების დაცვაც.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 2018 წელს, საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG