Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის სამინისტროსთან დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მსვლელობისას პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. რა მიზეზით, ჯერჯერობით უცნობია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პარლამენტის დეპუტატ ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას კვალიფიციურ, მრავალპროფილიან კლინიკაში. აქციაზე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ლელოს" წარმომადგენლები. პარლამენტის რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი მოითხოვს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, დეპუტატებს აქვთ სრული უფლება და უფლებამოსილება დაელაპარაკონ ჯანდაცვის მინისტრს, "მას შემდეგ, რაც წარმოუდგენელი, არაადამიანური წამება და მოპყრობა ხდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ".

დეკანოიძის თქმით, თავად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გაბუნიამ განაცხადა, რომ „სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ცენტრი არ არის ის პროფილი, რომელიც არის აუცილებელი დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით“.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს გადაიყვანეს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, გლდანში მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს. მის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის გამოძიება დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა.

საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს და პენიტენციურ სამსახურს მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში, რადგან პენიტენციური სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის რეკომენდაციებს და გარდა ამისა, ამ დაწესებულებაში სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას.

თვითმმართველობის არჩევნების წინ უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ერთი თვეა მოითხოვს მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში. საქართველოს ხელისუფლება ამაზე თავიდანვე უარს ამბობდა და აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მოხდებოდა მხოლოდ პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. ამას ეწინააღმდეგებოდა თავად მიხეილ სააკაშვილი. მისი ადვოკატების თანახმად, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში უზრუნველყოფილი ვერ იქნება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, არამედ უსაფრთხოების დაცვაც.

XS
SM
MD
LG