Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელმა მფრინავებმა ტაჯიკეთი დატოვეს, აშშ-ის მიერ ორგანიზებული რეისით


თვითმფრინავმა, რომლითაც აშშ-ის მიერ გაწვრთნილი ავღანელი მფრინავები და სხვა ავღანელი ლტოლვილები მგზავრობენ, 10 ნოემბრის დილით დატოვა ტაჯიკეთის დედაქალაქი, დუშანბე. ავღანელი პილოტები სამი თვის განმავლობაში იყვნენ დაკავებული ტაჯიკეთის ერთ-ერთ სანატორიუმში, მას შემდეგ, რაც მათ ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შემდეგ ავღანეთი დატოვეს და თავი შუა აზიის ამ სახელმწიფოს შეაფარეს.

აშშ-ის მიერ ორგანიზებული რეისით ავღანელებს ჯერ მესამე ქვეყანაში ჩაიყვანენ, სადაც მათ დოკუმენტაციას გაატარებენ რეგისტრაციაში აშშ-ში იმიგრაციის უფლების მიღებამდე - უთხრა ტაჯიკეთში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა რადიო თავისუფლებას.

მანამდე საელჩომ დაადასტურა, რომ ტაჯიკეთის დატოვებისთვის ემზადებოდა 191 ავღანელი, მათ შორის აშშ-ის მიერ გაწვრთნილი 143 მფრინავი. პილოტებიდან ორი ქალია, ერთ-ერთი მათგანი ორსულად არის.

ავღანეთის საჰაერო ძალების მფრინავებმა სამხედრო თვითმფრინავებით თავი ტაჯიკეთს შეაფარეს, როცა აგვისტოს შუა პერიოდში თალიბანმა ქაბული დაიპყრო. მფრინავები ტაჯიკეთში დააკავეს და ისინი ამ დრომდე დუშანბეს შემოგარენში განთავსებულ სანატორიუმში ცხოვრობდნენ. ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე პილოტები, რომლებიც აშშ-ის საჰაერო ძალებმა გაწვრთნეს, დოკუმენტების შემოწმებას ელოდნენ საიმისოდ, რომ ბოლოს საცხოვრებლად აშშ-ში გადასულიყვნენ.

რადიო თავისუფლება ოქტომბერში იუწყებოდა, რომ თალიბანმა მფრინავების ნაწილზე ზეწოლა განახორციელა და მათი ნათესავების დახოცვით დაიმუქრა, რათა პილოტები იძულებულნი გამხდარიყვნენ დაბრუნებულიყვნენ ავღანეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG