აშშ-ში მცხოვრებმა რუსმა ანალიტიკოსმა, რომელიც ინფორმაციას აგროვებდა ე.წ. „სტილის დოსიესთვის“, - კვლევისთვის დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიასა და რუსეთს შორის კავშირის თაობაზე, - განაცხადა, რომ უდანაშაულოა ბრალდებაში, რომ თავისი კვლევის წარმოშობის თაობაზე ტყუილი უთხრა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებს.
იგორ დანჩენკომ ეს განცხადება 10 ნოემბერს გააკეთა, თითქმის ერთი კვირის შემდეგ, რაც აშშ-ის დიდმა ჟიურიმ მას ბრალი წარუდგინა.
დანჩენკო 100 ათასი დოლარი გირაოთი გაათავისუფლეს. მანამდე მას პასპორტის ჩაბარება უბრძანეს.
სასამართლომ საქმის განხილვის წინასწარ თარიღად 2022 წლის აპრილი ჩაინიშნა.
ეს მესამე საბრალდებო დასკვნაა, რომელიც სპეციალურმა პროკურორმა ჯონ დურჰამმა გამოსცა. დურჰამი იძიებს წყაროებს FBI-ის გამოძიებისა, რომლის მიზანი იყო დაედგინა, თანამშრომლობდა თუ არა ტრამპის საარჩევნო კამპანია რუსეთთან 2016 წელს.
მანამდე დანჩენკოს ადვოკატმა, მარკ შამელმა განაცხადა, რომ 39-გვერდიანი საბრალდებო დასკვნა „შეიცავს ყალბ ვერსიას, რომლის მიზანია, დაამციროს და ცილი დასწამოს ბიზნესის სფეროს გამოძიების ცნობილ ექსპერტს“.
დანჩენკო, რომელიც ვაშინგტონის მახლობლად ცხოვრობს, მთავარი მკვლევარი იყო ბრიტანელი ყოფილი ჯაშუშის, ქრისტოფერ სტილისა, რომელმაც მოამზადა დოსიე ამერიკული კერძო საგამოძიებო ფირმა Fusion GPS-ისთვის.
Fusion GPS-ი თავდაპირველად ტრამპის გარშემო გამოძიებას აწარმოებდა რესპუბლიკელი დონორის დაკვეთით, მაგრამ შემდეგ ის დაიქირავა იურიდიულმა ფირმამ, რომელიც დემოკრატიულ პარტიასა და ჰილარი კლინტონს წარმოადგენდა 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში. ამ ფირმამ დაიქირავა Fusion GPS-ი, რომელმაც, თავის მხრივ, საქმეში ჩართო სტილი.
დაწერეთ კომენტარი