ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა ბელარუსისა და პოლონეთის საზღვართან მიგრანტების თავმოყრას უწოდა ჰიბრიდული შეტევა, რომელიც გამოწვევაა მთელი ევროპისთვის. 10 ნოემბერს, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმი ჰიბრიდული შეტევით ცდილობს მეზობელ დემოკრატიულ ქვეყნებში დესტაბილიზაციას, რაც არ გაუვა.
ევროკომისიის პრეზიდენტის ინფორმაციით, მომავალი კვირის დასაწყისში ევროკავშირი გააფართოებს ბელარუსის რეჟიმის საწინააღმდეგო სანქციებს.
სააგენტო „ფრანს პრეს“-ის ცნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა, ბრიუსელში უკვე შეათანხმეს 30 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ ახალი სანქციების კრიტერიუმები. წინასწარი ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების ჩამონათვალში იქნებიან ავიაკომპანიები, ტურისტული სააგენტოები და პირები, რომლებიც ხელს უწყობენ ბელარუსის რეჟიმის მიერ ადამიანებით ვაჭრობას - ტრეფიკინგს. სააგენტო „ბლუმბერგი“ ანონიმ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ავიაკომპანიებს შორის შესაძლოა, აღმოჩნდნენ რუსული „აეროფლოტი“ და “თურქეთის ავიახაზები“.
ბელარუსის და პოლონეთის საზღვარზე ვითარება გამწვავდა 8 ნოემბრიდან, როცა ბელარუსის მხრიდან საზღვართან თავი მოიყარა რამდენიმე ათასმა მიგრანტმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მოხვედრას ცდილობენ. პოლონელმა მესაზღვრეებმა და სამხედროებმა მიგრანტების შეჩერება შეძლეს, რის შემდეგაც ისინი გროდნო-ბელოსტოკის საავტომობილო მაგისტრალთან მდებარე კუზნიცის სასაზღვრო პუნქტის მახლობლად დაბანაკდნენ. 9 ნოემბერს ღამით, რამდენიმე ათეულმა მიგრანტმა სასაზღვრო ბარიერების ძალით გარღვევა შეძლო და პოლონეთის ტერიტორიაზე გადავიდა. 10 ნოემბერს დილით, პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ საზღვრის ყველა დამრღვევი დაკავებულია.
ევროკავშირი ბელარუსის რეჟიმს ადანაშაულებს მიგრანტთა კრიზისის ხელოვნურად შექმნაში. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მორავიცკი დარწმუნებულია, რომ ლუკაშენკა რუსეთის პრეზიდენტ პუტინისგან მიღებულ დავალებას ასრულებს. ამ განცხადებას უპასუხისმგებლო და მიუღებელი უწოდა პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა.
2021 წლის მაისში, ბელარუსის მმართველმა ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსი აღარ შეაჩერებს ქვეყნის ტერიტორიის გავლით ევროკავშირის ქვეყნებისკენ მიგრანტების გადაადგილებას. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა ლიეტუვისა და პოლონეთისკენ არალეგალურად მიმავალი მიგრანტების რაოდენობა. ევროკავშირმა ბელარუსის რეჟიმი დაადანაშაულა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პასუხად მიგრაციული კრიზისის პროვოცირებასა და ჰიბრიდულ შეტევაში. ევროკავშირმა ლუკაშენკას რეჟიმს სანქციები დაუწესა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების, ოპოზიციის დევნისა და ადამიანის უფლებების მასობრივად შელახვის გამო.
ევროკავშირში ეჭვობენ, რომ ბელარუსის რეჟიმს ქვეყანაში ორგანიზებულად ჩაჰყავს მიგრანტები ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებიდან და მათ გზას უხსნის მეზობელი ლიეტუვისა და პოლონეთისკენ.