Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია - სტრასბურგმა აგვაცილა კატასტროფის შესაძლებლობა


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტში შიმშილობს.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის საკითხი, რომლის პოლიტიზირება და პარტიული ინტერპრეტაციით გამოყენება არის აბსოლუტურად დაუშვებელი.

"დაუშვებელი და მიუღებელი არა კეთილსინდისიერების კატეგორიებით, არამედ მიაყენებს ძალიან დიდ ზიანს, დამატებით ზიანს მთლიანად ქვეყანას და აქ „ქართულ ოცნებას“ და მთავრობას და ზოგადად არავის არ აქვს დიდი მანევრის საშუალება, ეს აუცილებლად გამოიწვევს ძალიან სერიოზულ, მძიმე შედეგებს ნებისმიერისთვის, ვინც დაიწყებს ამით მანიპულირებას“.

ელენე ხოშტარიას განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილი დღესვე უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში, მან დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. სასამართლომ საქმე პრიორიტეტულ საქმეთა სიაში მიიღო და მიხეილ სააკაშვილის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოითხოვა, რაც ელენე ხოშტარიას თქმით, ნიშნავს, რომ საკითხი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების და საქართველოში მყოფი უცხოელი ელჩების, არამედ სტრასბურგის სასამართლოს მონიტორინგის ქვეშაა.

„სტრასბურგში მოუწევთ იმ კადრების ჩვენება, თუ როგორ ატყუებენ მიხეილ სააკაშვილს გადაყვანის დროს, იმ კადრების ჩვენება, რაც არის მიხეილ სააკაშვილის ნებართვის გარეშე გამოქვეყნებული, რაც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შეფასებულია, როგორც არაადამიანური თუ ღირსების შემლახავი მოპყრობა. სტრასბურგი ნახავს, რომ გლდანში არ არის ნამდვილად საკმარისი პირობები მისი უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით და უმაღლესი ინსტიტუტი აკონტროლებს ახლა ამ პროცესს და ამ მეთვალყურეობისთვის მიცემულია ძალიან კონკრეტული ვადა, ეს არის 2 კვირა და ეს ორი კვირა ჩვენთვის ყველასთვის და განსაკუთრებით ხელისუფლებისთვის, არის შანსი გამოვიდეთ ამ ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი კრიზისიდან. დადგა მომენტი, როდესაც საერთაშორისო, ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი გვეუბნება - მორჩით მაიმუნობას, გამოუშვით ინფორმაცია, სხვა შემთხვევაში დაისჯებით - ეს ჩემი სიტყვებით მარტივი ინტერპრეტაციაა“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, პოლიტიკურ კრიზისს აქვს რამდენიმე განზომილება, რაც ახლა ხდება, ეს არის კატასტროფა და ამ კატასტროფის თავიდან აცილების შესაძლებლობა მისცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქართველოს. ამასთან, ელენე ხოშტარიას სიტყვებით, "ქართულმა ოცნება" მუდმივად სპეკულირებს იმით, რომ ოპოზიციას დესტაბილიზაცია აქვს დაგეგმილი, მაგრამ პირიქით ხდება. ამის მაგალითად, ელენე ხოშტარიამ მოიყვანა გლდანის ციხეში სააკაშვილის გადაყვანა. მისი თქმით, "მაშინ, როცა კოლონები იყო მცხეთასთან, ეს იყო დაგდებული ლიმონკა რომ აგეფეთქებინა სიტუაცია და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს არ ქნა". "ნაციონალური მოძრაობის" იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციები არ გაიმართება, ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ ოპოზიციის მიზანი არის "არა დესტაბილიზაცია, არამედ სიცოცხლისთვის საფრთხის მოცილება".

სტრასბურგის სასამართლოდან იუსტიციის სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში, ნათქვამია, რომ 10 ნოემბერს სასამართლომ, მორიგე მოსამართლემ, გადაწყვიტა მხარეების ინტერესებისა და სწორი პროცედურების წარმართვის მიზნით, მოუწოდოს მომჩივანს შიმშილობის შეწყვეტა. [მაგალითად მოიყვანა საქმე, სადაც ასევე შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა მომჩივანს, საქმის არსებითად განხილვამდე]

სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ მთავრობამ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სასამართლოს, მომჩივნის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის (ისევე როგორც მისთვის ციხის საავადმყოფოში გაწერილი სამედიცინო მკურნალობის) შესახებ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მომჩივნის უსაფრთხოება ციხეში ზოგადად და უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება შიმშილობის შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდისთვის.

სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ინფორმაცია ორივე მხრიდან უნდა მიეწოდოს და ამისთვის 24 ნოემბრამდე მისცა ვადა მთავრობას.

სააკაშვილის ადვოკატებს დამატებითი ინფორმაციის გასაგზავნად სარჩელის სრულყოფისთვის ვადა 8 დეკემბრამდე განესაზღვრათ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.

8 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG