Accessibility links

site logo site logo

"დისიდენტების მიმართ თუ იყენებდნენ ამ მეთოდს, ფსიქიატრიულში როცა მიჰყავდათ" - რეაქციები სააკაშვილის მიმართ მოპყრობის შესახებ


11 ნოემბერს გამოქვეყნებული კადრები ადასტურებს, რომ „ციხის საავადმყოფოში“ გადაყვანა მიხეილ სააკაშვილის ნების გარეშე, ძალის გამოყენებით მოხდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინასწარი გაფრთხილებების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა განაგრძეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება.

11 ნოემბერს გამოქვეყნებული კადრები ადასტურებს, რომ „ციხის საავადმყოფოში“ გადაყვანა მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით მოხდა. სახელმწიფო უწყებების მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში „პატიმრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას“, „ღირსების შელახვასა“ და „ხელისუფლების უკანონო ქმედებებს“ ხედავენ პოლიტიკოსები, იურისტები და უფლებადამცველები. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ყველაფერი კანონიერად წარიმართა.

  • რას ასახავს და რაზე მეტყველებს, მოშიმშილე პატიმარ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული, იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ჩანაწერების მორიგი პარტია და რას ამტკიცებს მათი შინაარსი?
  • რა მიზანი ამოძრავებს სახელმწიფოს და რა საფრთხეებს ხედავენ უფლებადამცველები?
  • ვის პოზიციას გააძლიერებს გამოქვეყნებული კადრები სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე პროცესში?

რა აჩვენეს საქართველოს მოქალაქეებს?

ვიდეოჩანაწერებში, რომლებიც 11 ნოემბერს 2 პარტიად გამოქვეყნდა, აშკარად ჩანს, ჯერ რეანომობილში, ხოლო შემდეგ, „ციხის საავადმყოფოს“ შენობასა და პალატაში, როგორ აპროტესტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას.

პირველი ვიდეო, სათვალთვალო კამერების კადრები, ხმის გარეშეა:

  • საქათველოს ყოფილი პრეზიდენტი იძულებით შეჰყავთ გლდანის #18 სამედიცინო დაწესებულებაში: სავარაუდოდ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ის ხელებსა და ფეხებზე ხელმოკიდებული შეჰყავთ შენობაში, ასე შედიან ლიფტშიც და გადაადგილდებიან დერეფანშიც;
  • უკვე პალატაში შეყვანისას, მიხეილ სააკაშვილი წელს ზევით მთლიანად შიშველია და მას იატაკზე აწვენენ;
  • ასევე პალატაში, წელს ზევით შიშველი მიხეილ სააკაშვილი ემოციურად გადაადგილდება და სავარაუდოდ ხმამაღლა ლაპარაკობს.
  • პალატაში არის ფიზიკური დაპირისპირების ეპიზოდიც, სავარაუდოდ, ციხის ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელთან. იქამდე ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელს ჰკრავს და ძირს გადმოაგდებს, სავარაუდოდ, სამედიცინო აპარატურას.
  • კადრებზე მითითებული თარიღისა და დროის მიხედვით, შენობაში შეყვანიდან პალატაში შეყვანამდე თითქმის 6 წუთი გადის. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეო 2 წუთი და 54 წამია.
  • კადრებში ჩანს თეთრხალათიანი პერსონალიც. სავარაუდოდ, დაწესებულების ექიმები გამოდიან პალატიდან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი შეიყვანეს, თუმცა არ ჩანს მათი პალატაში ყოფნა.

11 ნოემბერს, პირველი ვიდეოს გამოქვეყნებიდან სამ საათში, პენიტენციური სამსახური მეორე, 152-წამიან ვიდეოს ავრცელებს, რომელიც რეანომობილშია გადაღებული და იქ უკვე ისმის მიხეილ სააკაშვილის ხმაც.

ვიდეო დამონტაჟებულია. იმ კადრებში, რაც გავრცელდა, სააკაშვილი უარს აცხადებს რეანომობილიდან გადმოსვლაზე, მოითხოვს, რომ სასწრაფოდ დააბრუნონ უკან რუსთავის #12 საპატიმროში და, სავარაუდოდ, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებს - „დიქტატორის მსახურებს“, პუტინისა და ივანიშვილის მონებს, „ჯალათებსა“ და „მკვლელებს“ უწოდებს.

„მე აქედან ჩემი ფეხით არ ჩამოვალ“, - ამბობს სააკაშვილი.

რატომ გამოქვეყნდა და რაზე მეტყველებს კადრები?

ვიდეოკადრების გავრცელებას იუსტიციის მინისტრი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებით ხსნის და სიმართლის მიწოდების აუცილებლობაზე ლაპარაკობს:

„ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ინფორმირებული და იცოდეს სიმართლე. სწორედ ამ მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს იმ კადრებს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იქნა შესახლებული #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი სააკაშვილი, ასევე პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური და შეურაცხყოფის მიყენების და ასევე სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მოჰყვა უკვე აღნიშნულ ფაქტს სამართლებრივი რეაგირება და ასევე ამ საქმეში ჩართულია და იძიებს სახელმწიფო ინსპექტორი [სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური]“, - განაცხადა 11 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.

მის მიერ ნახსენებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 11 ნოემბერს განაცხადა, რომ დაუშვებელია „პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება“, რამაც „ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო“.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ:

  • იუსტიციის სამინისტრო არ თანამშრომლობდა მასთან საგამოძიებო პროცესში - „საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე“ და გამოქვეყნებამდე უწყებისთვის არც 11 ნოემბერს გამოქვეყნებული კადრების არსებობა დაუდასტურებია.
  • 11 ნოემბერს გავრცელებული კადრები „მათ შორის, წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებას“.

სახალხო დამცველის აპარატი პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიმართ „დამამცირებელ“ მოპყრობასა და „პატივისა და ღირსების დარღვევაზე“ ლაპარაკობს.

ამასთან, ომბუდსმენის ოფისისთვის გამოქვეყნებული ვიდეომასალა წინასწარი შეფასების - პატიმრის „მოტყუებით გადაყვანის“ დასტურია:

„ვიდეოჩანაწერების ანალიზით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში გადაყვანა მოხდა მოტყუებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ, რასაც სახალხო დამცველი 2021 წლის 8 ნოემბერსვე აცხადებდა“.

იურისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველების თვალთახედვით, 11 ნოემბერს გავრცელებული ვიდეოჩანაწერები ცალსახად „წამგებიანია“ ხელისუფლებისთვის, რადგან თვალნათელია პატიმრის უფლებების უხეში დარღვევა.

იურისტი გიორგი მშვენიერაძე ფიქრობს, რომ „პოლიტიკური ანგარიშსწორების“ განზრახვით „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის მაპროვოცირებელი ნაბიჯი გადადგა.

„დიახ, ჩვენ ახლა პოლიტიკური შურისძიების მნახველი ვართ და ყველანაირად ცდილობს სახელმწიფო აპარატი, რომ ამ შურისძიების ფონზე, მაქსიმალურად გააღიზიანოს მშვიდობიანი მოქალაქეები და გამოიწვიოს ძალადობა, რომელსაც უპასუხებს ძალით.

ამ კადრების ჩვენება და გავრცელება, ჩემი აზრით, სხვას არაფერს ემსახურება, თუ არა პრეზიდენტ სააკაშვილის დამცირების მცდელობას და, მეორე მხრივ, გაბრაზებული მოქალაქეებისთვის ბიძგის მიცემას, რომ ქუჩაში შედგეს ძალადობის აქტი. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან ოპოზიციონერმა ლიდერებმა“, - გვეუბნება გიორგი მშვენიერაძე.

სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი განაცხადის ფონზე და შესატანი სარჩელის წინ

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ვიდეოკადრები ადამიანის უფლებების დარღვევის უპრეცედენტო შემთხვევაზე მეტყველებს.

„ცხადია, ეს კადრები უწყვეტი არ არის და ვითარებას სრულად არ ასახავს, მაგრამ ადასტურებს და მტკიცებულებაა იმასა, რაც ჩვენს დასკვნაშიც წერია და რაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იქნა შეტანილი, რომ, მინიმუმ, ადამიანი მოტყუებით და ძალის გამოყენებით შეიყვანეს საავადმყოფოში... ასეთი პრეცედენტი საერთოდ არ მახსენდება, რომ სტრასბურგს ჰქონდეს - ეს იქნება პრეცედენტული საქმე, რომ ადამიანი და მით უმეტეს - მოშიმშილე პატიმარი ძალით მიჰყავთ საავადმყოფოში...

ეს არის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის - წამების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვის მუხლის დარღვევა... ალბათ ჩვენი დასკვნაც გაიგზავნება სტრასბურგში სამომავლოდ. ასეთი რამ შევარდნაძის დროსაც კი არ მახსენდება და, ალბათ, საბჭოთა კავშირის დროს, დისიდენტების მიმართ თუ იყენებდნენ ამ მეთოდს, ფსიქიატრიულში როცა მიჰყავდათ“, - გვეუბნება მარიამ ჯიშკარიანი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ვიდეომასალა ზუსტად ასახავს იმ ფაქტებს, რაზეც მათი დაცვის ქვეშ მყოფი მანამდეც ლაპარაკობდა და ხელისუფლებას „ძალიან მტკივნეული ნაბიჯის“ გადადგმა მოუწია იმის გამო, რომ სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე პროცესში, ადრე თუ გვიან, ეს ვიდეოკადრები მაინც გასაჯაროვდებოდა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოქვეყნებულ მასალებს ძალადობის პირდაპირ დასტურად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს კადრები არის კიდევ ერთი პირდაპირი და მყარი მტკიცებულება სტრასბურგის სასამართლოსთვის, თუ როგორ ეპყრობიან მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხეში.

ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ პოლიტიკურ შურისძიებასა და „ღირსების აყრის“ მცდელობებზე ლაპარაკობენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. ისინი ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ თავის ნამდვილ სახეს თანდათან სულ უფრო უკეთესად აჩენს და მისი ნამოქმედარი რუსეთის ინტერესებს შეესაბამება.

„მხოლოდ სირცხვილი არ არის ის გრძნობა, რომელიც გეუფლება ასეთი კადრების ნახვის დროს, კადრების, როდესაც ათრევენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ის. ეს არის მტრის, ოკუპანტის გულის მოგება, მათთან დაუფარავი კავშირის აღიარება, იმის ღია მტკიცებულება, რომ "ოცნების" ხელისუფლება დავალებას გულმოდგინედ ასრულებს, რომელიც ჩვენს თვალწინ ათრევს და ფეხქვეშ თელავს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ადამიანის ღირსებას, თავისუფლებას. ყველაფერს იმას, რაც ასე ძვირფასია ჩვენი მოქალაქისთვის და სახელმწიფოსთვის“, -განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ 11 ნოემბერს.

სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა ერთი პირობით, რომ შემდგომი მკურნალობის პროცესის გავლა არა ციხის საავადმყოფოში, არამედ - სამოქალაქო კლინიკაში მოუწევს, გორის სამხედრო ჰოსპიტლის გარდა.

მოშიმშილე პატიმრის პირობები მედიას მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გააცნო, ციხეში მისი მონახულების შემდეგ.

„წარმოუდგენელია ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, რომელიც წამების პირობებში მამყოფებს. აქ არ არსებობს უსაფრთხოებისა და ფსიქოლოგიური წნეხისგან დაცვის არანაირი გარანტია - რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაა“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი ადვოკატის მიერ ციხიდან გამოტანილ გზავნილებში.

მანამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებდა იმასაც, რომ მის პაციენტ პატიმარს დაზიანებები აღენიშნებოდა.

სტრასბურგის სასამართლომ, დროებითი ღონისძიების გადაწყვეტილებისას, სახელმწიფოს ასევე მოსთხოვა სააკაშვილის გამოჯანმრთელების შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ.

კანონის დარღვევა?

მომხდარში კანონდარღვევას ვერ ხედავს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი. ის ამბობს, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პატიმრის „ამ მეთოდით შეყვანა დასაშვებია“ და არც იმას გამორიცხავს, რომ „შეიძლება [სააკაშვილი] დათანხმდა და შემდეგ სწორედ ეს გაითამაშა“.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის „მჭიდრო“ მონიტორინგის მიზნით გადაიყვანეს და ყველაფერი კანონიერად წარიმართა.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი გვეუბნება, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა კანონი დაარღვიეს. მისი განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს გონზე მყოფი პატიმრის გადაყვანას სამკურნალო დაწესებულებაში, როდესაც ის უარს აცხადებს მკურნალობაზე.

„როცა მოშიმშილე პატიმარი გონზეა, მკურნალობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას თავად იღებს. მკურნალობაზე უარი მისი უფლებაა. იძულებით გადაყვანა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პატიმარი გონებას დაკარგავს ან უკიდურესად დამძიმდება სიტუაცია... ხოლო რაც შეეხება უშუალოდ "ციხის საავადმყოფოში" განვითარებულ მოვლენებს, ეს არის უკვე უფლებამოსილების გადამეტება.

რადგან გადაყვანა უკანონო იყო, [ციხის ადმინისტრაციას] ძალის გამოყენების უფლებაც არ ჰქონდათ. ლეგიტიმური ძალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მაგრამ ეს არდამორჩილება აუცილებლად უნდა იყოს უკანონო. ამ შემთხვევაში, პირიქით იყო. მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა უფლება, უარი ეთქვა გადაყვანაზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ედუარდ მარიკაშვილი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG