Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელმა და პუტინმა სატელეფონო საუბარში განიხილეს პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე და დონბასში შექმნილი ვითარება


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უმწეო ადამიანების გამოყენებით განხორციელებული „ჰიბრიდული თავდასხმა“ უწოდა სიტუაციას ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე, სადაც ორშაბათიდან მოყოლებული, ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნების ასობით წარმომადგენელი ცდილობს ბელარუსის მხრიდან პოლონეთში შეღწევას.

ანგელა მერკელმა გამოთქმა „ჰიბრიდული თავდასხმა“ მეორედ, ამჯერად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარში გამოიყენა. პუტინთან საუბრის დროს მერკელმა აღნიშნა, რომ ნეიტრალურ სასაზღვრო ზონაში, სიცივეში ასობით ადამიანი იმყოფება. გერმანიის კანცლერმა ევროკავშირის საზღვართან მიგრანტთა კრიზისის გაღვივებისთვის პასუხისმგებლობა ბელარუსის ხელისუფლებას დააკისრა.

გერმანიის კანცლერის პრესცენტრის ცნობით, მერკელმა და პუტინმა ისაუბრეს ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის თაობაზე. გერმანიის კანცლერმა მოუწოდა რუსეთის ლიდერს, რომ ხელი შეუწყოს დონბასში კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მიღწეული მინსკის შეთანხმებების რეალიზების პროცესს.

თავის მხრივ, მერკელ-პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში კრემლი ხაზს უსვამს ვლადიმირ პუტინის მოსაზრებას, რომ ევროკავშირმა არსებული მიგრაციული კრიზისი მინსკის ხელისუფლებასთან უნდა განიხილოს.

ამასთან, პუტინმა შავ ზღვაში შეერთებული შტატებისა და ნატოს ქმედებებს უწოდა პროვოკაციული და უკრაინის ხელმძღვანელობა დესტრუქციულ პოლიტიკაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, კიევი დონბასთან მიმართებით სულ უფრო მეტად ეყრდნობა ძალის მეთოდებს, მათ შორის „მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენებით არღვევს მინსკის სამშვიდობო შეთანხმების პირობებს."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG