Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცინიზმი, როგორც წამების ფორმა


"დაკითხვა" ("Przesluchanie", 1982-89, პოლონეთი, რეჟისორი რიშარდ ბუგაისკი)

ფილმის გადაღების თარიღმა არ დაგაბნიოთ. რიშარდ ბუგაისკი "დაკითხვაზე" მუშაობას 80-იანი წლების დასაწყისში შეუდგა, სწორედ "სოლიდარობის" მოძრაობის და პოლონეთში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების ეპოქაში. ფილმი არა მარტო აიკრძალა, არამედ მისი ნეგატივის განადგურებაც კი სცადეს, მაგრამ რეჟისორმა "დაკითხვის" გადარჩენა მაინც მოახერხა. 1990 წელს ფილმი კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ჩართეს (წლების წინ გადაღებული "დაკითხვის" კონკურსში ჩვენება ფესტივალის რეგლამენტის დარღვევა იყო). "დაკითხვა" შეაფასეს როგორც სენსაცია, მთავარი როლის შემსრულებელი კრისტინა იანდა აღიარეს ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად.

არაერთი კარგი ფილმი გვახსოვს ციხეში ადამიანის წამებაზე. თეატრს არ შეუძლია ახლოდან აჩვენოს წამების რიტუალი და ნაწამები სხეულის მდგომარეობა. კინო მოძრავი სხეულის ხელოვნებაა. ასევე მოძრავი მზერის ხელოვნება. კინო წარმოგვიდგენს ადამიანის სიცოცხლეს როგორც პროცესს. მაგრამ სიკვდილის და გახრწნის პროცესსაც წარმოგვიდგენს. თუმცა ციხეში ადამიანის წამება ხშირად ნაჩვენებია სწორედაც როგორც თეატრი და როგორც უფრო ამბავი, რომელსაც ადვილად მოჰყვები (განსაკუთრებით ჰოლივუდის ფილმებში). ადამიანის წამება, როგორც მხატვრული სახე, როგორც ლამის მთელი სამყაროს ტრაგედია, მხოლოდ შედევრებში იხატება. ასეთია კარლ თეოდორ დრეიერის "ჟანა დარკის წამება" და "რისხვის დღე", ასეთია ორსონ უელსის "პროცესი", ასეთია რიშარდ ბუგაისკის "დაკითხვა".

პოლონურ ფილმში ადამიანის წამების ყველა ფორმას იხილავთ - შანტაჟს, მუქარას, პროვოკაციას, დაცინვას და, რაც მთავარია, ფიზიკურ ძალადობას, წვალებას. რას წარმოიდგენდა სურათის მთავარი გმირი ტონია დევიში - ერთი საეჭვო ნიჭის მომღერალი ქალი, რომ სწორედ მას მოუწევდა წამების ამ ჯოჯოხეთის გავლა? არადა, ცხოვრობდა, დროს ატარებდა, სვამდა... და ერთხელაც, ნაქეიფარი, აღმოჩნდა სტალინის ეპოქის პოლონეთის მილიციაში, სადაც არა მარტო დაკითხვას უწყობენ, არამედ აგებინებენ, რომ სქელტანიან დოსიეს ინახავენ, სადაც მისი ყოველი დღე, ყოველი შეხვედრა, შემთხვევით გაცნობილ კაცებთან გატარებული ყოველი ღამეა აღწერილი.

დისიდენტები გვიამბობენ წამების 30-მდე ფორმაზე, რომელსაც სტალინურ ბანაკებში იყენებდნენ. დრო გადიოდა, ტექნოლოგიები იხვეწებოდა, მაგრამ "წამების დრამატურგია" არ შეცვლილა. იწყებოდა "ზრდილობიანი დაკითხვით" და მთავრდებოდა ფიზიკური ძალადობით, რომლის აღწერაც კი მტკივნეული უნდა იყოს ადამიანისთვის. პოლონური ფილმი იმ დროსაა გადაღებული, როცა იარუზელსკის რეჟიმმა "სოლიდარობის" აქტივისტების დაპატიმრება დაიწყო. აქ, "დაკითხვაში" სტალინური რეჟიმია, რომელსაც თითქოს არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო იმ ეპოქასთან. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ძალადობის მექანიზმს ცივილიზაცია ვერ ცვლის... და ვერც შეცვლის, სანამ თუნდაც მიშელ ფუკოს მსგავსი მოაზროვნეები არ შექმნიან ამინდს მსოფლიო პოლიტიკაში. მოგვიანებით, როცა პოლონეთში კომუნისტური რეჟიმი დაემხობა, გენერალი იარუზელსკი თავს იმით გაიმართლებს, რომ თითქოს სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებით მან პოლონეთი საბჭოთა ტანკების შესვლისგან იხსნა. თუმცა დისიდენტები იტყვიან, რომ "სოლიდარობის" ლიდერების დევნა, მათი დაშანტაჟება და დაშინება არაფრით განსხვავდებოდა იმისგან, რასაც საბჭოთა არმია თუნდაც პრაღაში სჩადიოდა 1968 წლის ზაფხულში.

ცხადია, ისტორია ანალოგიებზე არ ვითარდება. არცერთი ეპოქა მეორეს არ ჰგავს. მაგრამ ისტორიაში ბევრი რამ არ იცვლება - განსაკუთრებით, ძალადობის "შინაარსი", რომელიც მხოლოდ ფორმას იცვლის ხოლმე. პოლონეთის ისტორიამ, მაგალითად, იცის გამოჩენილი მოღვაწეების სახელები, რომლებიც ჯერ ნაციზმს, შემდეგ სტალინიზმს შეეწირნენ, იცის "სოლიდარობის" აქტივისტების სახელები, თუმცა ბევრი არაფერი სმენია ტონია დევიშის მსგავს ქალებზე, რომლებიც რეჟიმებს შიშისა და უიმედობის დასამკვიდრებლად სჭირდებოდათ. რატომ არის "დაკითხვა" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი პოლონური კინოს ისტორიაში? იმიტომ, რომ საათნახევრიან სურათში ტონია დევიში ლამის მთელი ნაწამები სამყაროს განსახიერება ხდება. როგორც კანის ფესტივალზე ერთ ფრანგ კრიტიკოსს აღუნიშნავს, ტონია, ეს გულუბრყვილო და საკმაოდ პრიმიტიული ქალი, "არის ანტიგმირი, რომელიც სიტუაციამ უბრალოდ აიძულა გმირი გამხდარიყო"... ჰო, ასეა, "გულუბრყვილო და საკმაოდ პრიმიტიულ" ადამიანსაც აქვს ღირსება, რომელიც მაშინ გამოვლინდება ხოლმე, როცა ამას არავინ ელის. ისტორია ამ ხალხის სახელებს არ ინახავს. მაგრამ აგერ შეინახა კინომ ჩემი უსაყვარლესი მსახიობის კრისტინა იანდას სახით.

"დაკითხვა" კრისტინა იანდას "მონოფილმია". ბევრი მსახიობი არ მეგულება, რომელიც ასე თანდათან, მართლაც რომ ნიუანსებით, გამოხატავდეს ადამიანში ღირსების გაღვიძების პროცესს. კრისტინა იანდა თავად აქტიურად, დაუფარავად უჭერდა მხარს "სოლიდარობის" მოძრაობას, მეგობრობდა იმ ხალხთან, ვისაც რეჟიმი აშანტაჟებდა, აშინებდა, აპატიმრებდა. მაგრამ მსახიობი იმასაც ახერხებს, რომ "ხსნის სივრცეს" და ცდილობს, "დაკითხვამ" მხოლოდ და მხოლოდ "სოლიდარობასთან" არ შექმნას ასოციაციები. 1989 წელს, როცა ბუგაისკის ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა, პოლონეთი უკვე გათავისუფლების გზას ადგა, მაგრამ კრისტინა იანდას გმირმა უამრავ მაყურებელს შეაყვარა თავი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ქართველებმაც მინდა ნახონ ეს ფილმი და გაიცნონ არა მარტო კრისტინა იანდას პერსონაჟი, - რომელსაც გულუბრყვილობა და ზედაპირულობა გარკვეული თვალსაზრისით ეხმარება კიდეც, გაუძლოს ტანჯვას და მართლაც რომ ადამიანად იქცეს, - არამედ ფილმის მეორე გმირიც, გამომძიებელი, რომელიც ტონიას დაკითხვას აწარმოებს. სადღაც ფილმის ბოლოსკენ მაყურებელი ხვდება, რომ ისიც რეჟიმის მსხვერპლია და ისიც, მიუხედავად რეჟიმის მიერ შექმნილი გარემოებისა, მაინც ცდილობს სახის შენარჩუნებას. ჯალათისა და მსხვერპლის ამგვარი წარმოდგენა "დაკითხვას" ათავისუფლებს შავ-თეთრი ინტონაციებისგან და იმ ნიუანსებით ამდიდრებს, რომლებმაც განსჯის პროცესში უნდა ჩართოს მაყურებელი.

ვიმეორებ, კინო პროცესია. ტრანსფორმაციაა. და მე პირადად სწორედ ეს მიყვარს კინოში.

ქართველებიც ამ პროცესში ვიმყოფებით დღეს - განსჯის და ტრანსფორმაციის პროცესში. არიან ადამიანები, რომლებიც შურისძიებით ცხოვრობენ. მეტისმეტად მწარე იყო მათთვის ქვეყნის უახლესი წარსული, ამიტომ წლებია უკვე ელიან იმ დღეს, როცა დაისჯება ყველა, ვინც ცხოვრება გაუმწარა, ვინც აწამა. მაგრამ როდესაც სამართლიანობას აღადგენს არა ჰუმანური (მაგრამ მკაცრი) სასამართლო, არამედ ისევ და ისევ ჯალათი, ამ ხალხს, ვინც იცის, რა არის ტკივილი, პროტესტი უჩნდება. ის ხვდება, რომ შურისძიება მის ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. მას, უბრალოდ, უნდა, რომ ადამიანებს არ აწამებდნენ.

ცხადია, ასეთი ხალხი უმცირესობაშია. მაგრამ მაინც არის და ეს უნდა გვაიმედებდეს. იყო დრო, როცა მათი არსებობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG