Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის პატიმრობის 40 დღე - სად და როდის დაირღვა კანონი და პატიმრის უფლებები


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობის და შიმშილობის მეორმოცე დღეს გლდანის მე-18 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შეხვდა. აქ ის 8 ნოემბერს, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს.

რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანის შესახებ წინასწარ არც სააკაშვილის ოჯახმა იცოდა და არც ადვოკატებმა. ომბუდსმენის შეფასებით, სახელმწიფომ ღირსების პატივისცემის ვალდებულება დაარღვია, ადვოკატები კი მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი ფაქტობრივად წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია.

„საქართველოს ხელისუფლების ასეთი ქმედება, ასეთ პირობებში სააკაშვილის ყოფნა და მასზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების და ასევე წამების საწინააღმდეგო კონვენციის პირველი მუხლის დარღვევაა“, - ამბობს უკრაინის ომბუდსმენი.

კიდევ როდის და როგორ დაირღვა 40 დღის განმავლობაში მოშიმშილე, უკრაინის მოქალაქის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებები?

როგორ ხდება მოშიმშილე პატიმრის გადაყვანა ერთი დაწესებულებიდან მეორეში

მოშიმშილე მსჯავრდებულთა და პატიმართა მიმართ მოპყრობის წესის მიხედვით, „თუ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი გაჩერება სასჯელაღსრულების დაწესებულების სტაციონარულ სამკურნალო ან საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი დირექტორის ბრძანებით, საექიმო დასკვნის საფუძველზე, დაუყოვნებლივ გადაიყვანება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში და ამის თაობაზე ეცნობება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ასევე შესაბამის ზედამხედველ პროკურორსა და მოშიმშილის ოჯახის წევრს”.

როგორ მოხდა ეს სააკაშვილის შემთხვევაში?

რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გადაწყვეტილება პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციისა და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“ ახსნა. უწყებამ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ არ იცოდა სად იყო მისი შვილი, რომელთანაც შეხვედრას რუსთავის ციხეში რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდა.

ამ დღეს სააკაშვილი დედასთან ერთად ჰოლანდიიდან ჩამოსულ შვილსაც უნდა შეხვედროდა. სწორედ გიული ალასანიამ და არა პენიტენციურმა დაწესებულებამ უთხრა პირველად მედიას საღამოს 6 საათზე, რომ სააკაშვილი სავარაუდოდ რუსთავის ციხეში უკვე აღარ იყო.

პენიტენციური სამსახურის განცხადება ფეისბუკზე გიული ალასანიას განცხადებიდან 1 საათში, საღამოს 7 საათზე გავრცელდა. მოგვიანებით უწყებამ ვიდეოკადრებიც გაავრცელა. თუკი სააკაშვილის საკნის ვიდეოჩანაწერებში დრო ზუსტად არის მითითებული, მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის საპატიმრო 6-ის ნახევრის შემდეგ დატოვა, მომზადებისთვის კი დაახლოებით ნახევარი საათი ჰქონდა.

„იმიტომ ვერ შევდივართ ციხეში, რომ სადღაც გაიყვანეს... ინფორმაცია არ მაქვს... აღარ არის აქ... შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც დაწერა, რომ გადაყვანილიყო მრავალფუნქციურ დაწესებულებაში, ამასობაში უფლებების იგნორირებით თვალწინ აგვართვეს და გააქრეს... გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და მერე გადაგვიფრინა ვერტმფრენმა... მერე ვერტმფრენში ჩასვეს, როგორც ჩანს...“ - უთხრა აღელვებულმა გიული ალასანიამ ჟურნალისტებს საღამოს 6 საათზე. ამ მომენტისთვის სააკაშვილის გადაყვანის შესახებ არაფერი იცოდნენ მისმა ადვოკატებმა - დიტო საძაგლიშვილს ამ დღეს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტმა უთხრა, რომ სააკაშვილის გადაყვანა არსად არ იგეგმებოდა.

ამ დღესვე, გადაყვანამდე, მსჯავრდებული 3 საათს ელოდა კონსილიუმის წევრ ექიმებთან შეხვედრას, თუმცა, როგორც სახალხო დამცველმა თქვა, სააკაშვილს ციხეში აცნობეს, რომ კონსილიუმის გადაწვეტილებით იგი სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, ექიმებს კი უთხრეს, რომ სააკაშვილს არ სურდა მათი ნახვა.

რა წერია პატიმრობის კოდექსში?

პატიმრობის კოდექსში გაწერილია, როგორ გადაჰყავს სისტემას მსჯავრდებული ერთი დაწესებულებიდან მეორეში. ამ გადაწყვეტილების მიზეზი შეიძლება იყოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება, პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობა, რეორგანიზაცია, მსჯავრდებულის ან სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მსჯავრდებულის გასათავისუფლებად მომზადება ან მის მიერ შინაგანაწესის სისტემატურად დარღვევა.

მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის თანახმად, პროცესს წინ უნდა უძღოდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახელზე ციხის ხელმძღვანელის წარდგინება, სადაც უნდა იყოს დასაბუთებული კონკრეტული პატიმრის კონკრეტულ დაწესებულებაში გადაყვანის მიზეზი.

წარდგინების ნიმუში
წარდგინების ნიმუში

რას ამბობს კანონი სამედიცინო მომსახურების შესახებ?

პაციენტთა კანონის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი წინაპირობაა პაციენტის ან მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის მიღება.

ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიან პაციენტს უფლება აქვს, მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას სამედიცინო მომსახურებაზე ან შეწყვიტოს უკვე დაწყებული მკურნალობა

როგორ მოხდა ეს სააკაშვილის შემთხვევაში?

მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხიდან გავრცელებულ პირველ წერილში დაწერა, რომ ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისთანავე მას მისი ნების საწინააღმდეგოდ უკეთებდნენ სამედიცინო მანიპულაციას, რასაც შეეწინააღმდეგა.

იუსტიციის მინისტრმა სავარაუდოდ ამ ფაქტზე თქვა, რომ მსჯავრდებულმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ციხის თანამშრომლებს. მინისტრის ნათქვამს კი მისი უწყების განცხადება მოჰყვა, რომ სააკაშვილმა სამედიცინო აპარატურა დააზიანა.

რუსთავიდან გლდანში - პირველად 18 იანვრის შემდეგ?

„სახალხო დამცველის აპარატმა შეამოწმა N18 დაწესებულებაში პატიმართა შეყვანის შესახებ დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ამ დაწესებულებაში 2021 წლის 18 იანვრის შემდეგ დღემდე N12 პენიტენციური დაწესებულების არც ერთი სხვა პატიმარი, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არ შეუყვანიათ. 2021 წლის 18 იანვრამდე ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია ღამის საათებში სპეციალურ არქივზე ხელმისაწვდომობის შეუძლებლობის გამო“, - წერია საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნაში.

სახელმწიფო ინსპექტორი მიიჩნევს, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირი დროულად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარებით, ყველა გონივრულად შესაძლო სამედიცინო გამოკვლევითა და მკურნალობით. საპატიმრო დაწესებულებებში გაწეული სამედიცინო მკურნალობა უნდა იყოს იმ დონის შესაბამისი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადად მოსახლეობისათვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავისუფლებააღკვეთილი ყველა პირი უნდა მოთავსდეს ციხის დაწესებულებების გარეთ არსებულ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებაში. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, პატიმრის ჯეროვანი მკურნალობისათვის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე გაუმართლებელმა უარმა, შესაძლოა წარმოშვას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საფრთხეები“.

როგორ მოხდა ეს სააკაშვილის შემთხვევაში?

სააკაშვილის მისი ნების საწინააღმდეგოდ რუსთავიდან გლდანში გადაყვანას „გატაცებისა“ და „კრიმინალის“ კვალიფიკაციას აძლევენ მისი ადვოკატები და ამზადებენ სარჩელს სტრასბურგის სასამართლოსთვის. მთელი პატიმრობის განმავლობაში ისინი ამტკიცებდნენ, რომ საპატიმროს კლინიკაში, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი ვერც მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება და ვერც უსაფრთხოება.

მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, რომ გლდანში ციხის კლინიკა სრულადაა აღჭურვილი, კომპიუტერული ტომოგრაფი, რომლის დადგმასაც რადიაციის გავრცელებისგან დაცული სივრცე და რამდენიმე დღე სჭირდება, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ მიიტანეს კლინიკაში, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი კი ჯერაც არ მიუტანიათ.

9 ნოემბერს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც აღიარა, რომ „გლდანის საავადმყოფო არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და შესაძლოა, დამატებით დახმარება დასჭირდეთ“.

მე-18 დაწესებულების სიახლოვე მე-8 დაწესებულებასთან

სამედიცინო აღჭურვილობის სიმწირის გარდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია პატიმრები, რომლებიც მძიმე დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს გლდანის მე-8 დაწესებულებაში, რომელიც მე-18 დაწესებულებას ემიჯნება და საიდანაც გუშინ სააკაშვილს მუქარის შეძახილებით, ლანძღვითა და გინებით შეხვდნენ.

როგორც სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენელმა თქვეს სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ეს ხმები ისმის მის ოთახშიც - ადვოკატები ამგვარ მდგომარეობას წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობად მიიჩნევენ.

გლდანის ციხე 2012 წელს ცნობილი „ციხის კადრების“ სკანდალის ეპიცენტრი იყო, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სააკაშვილის პარტიის არჩევნებში წაგებაში.

სააკაშვილის ადვოკატებს და სახალხო დამცველის აპარატს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა არა მხოლოდ მის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, არამედ მისი ფიზიკური უსაფრთხოების რისკებსაც შეიცავს.

უარს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, იუსტიციის სამინისტრო იმის გამო ამბობს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერებმა არ სცადონ „პროვოკაციების მოწყობა“ და „სააკაშვილის გასათავისუფლებლად მასზე თავდასხმა“.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია. 8 ნოემბერი, თბილისი, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია. 8 ნოემბერი, თბილისი, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ

„მოშიმშილე პატიმრის მენიუ“ - თვალთვალი და ფსიქოლოგიური ზეწოლა

„მიხეილ სააკაშვილის ნებართვის გარეშე საქართველოს ხელისუფლების მიერ ციხის საკანში მისი ყოფნის ამსახველი ვიდეომასალების გავრცელება წარმოადგენს პირადი ცხოვრების უფლებაში უკანონო ჩარევას, რაც ევროპული კონვენციის მე-8 მუხლისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლების დარღვევას წარმოადგენს“, - ნათქვამია უკრაინის ომბუდსმენის განცხადებაში.

იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილის რუსთავიდან გლდანში გადაყვანის ოფიციალურ მიზეზად პენიტენციურმა სისტემამ მისი ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა დაასახელა, მთელი 38 დღის განმავლობაში ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიტიკოსები მმართველი პარტიიდან ამბობდნენ, რომ ოპოზიცია სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობით სპეკულირებს. სხვადასხვა დროს ისინი ამბობდნენ, რომ პატიმარი ყიდულობდა თაფლს ქილებით, სვამდა ლიმონათს ლიტრობით და ჭამდა ფაფებს.

6 ნოემბერს, სააკაშვილის შიმშილობის 37-ე დღეს, პენიტენციურმა სისტემამ გამოაქვეყნა 4 ფოტო და ერთი, თითქმის 9-წუთიანი ვიდეოჩანაწერი. ამ ჩანაწერებით უწყება ამტკიცებდა, რომ პატიმარი ჭამს.

საპირისპიროს ამბობს სახალხო დამცველის აპარატის განცხადება, რომელიც ციხის დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაიწერა. ამ განცხადების თანახმად, ციხის ადმინისტრაციისთვის სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იღებს მხოლოდ „მცირე დოზით და თხევადი სახით“ საკვებ დანამატებს სამედიცინო დანიშნულებით.

პენიტენციური სისტემის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს 10 თითქმის ცარიელი ბავშვის საკვების ქილა, 12 ხილის წვენით სავსე ბოთლი, 4 შეკვრა ბურღული და ორი ქილა “Nutricia Protifar” [პროტეინებით გაჯერებული საკვები დანამატი პაციენტებისთვის, ვისაც სისხლის პლაზმაში პროტეინების უკიდურესად დაბალი შემცველობა აქვს].

ვიდეოკადრებში ჩანს კვების ოთხი ეპიზოდი: 1, 2 და 3 ნოემბერს გადაღებული. 2 ნოემბერს სააკაშვილი ამ ოთახში ორჯერ აღმოჩნდება, დანარჩენ დღეებში - თითოჯერ. კადრებში სააკაშვილთან ერთად ჩანან, სავარაუდოდ, ციხის სამედიცინო კაბინეტის თანამშრომლები, კადრები არ არის უწყვეტი და გამოსახულების მასშტაბი არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რას ჭამს სააკაშვილი.

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ კადრების გამოქვეყნება არა მხოლოდ ამორალური და უკანონოა, არამედ იუსტიციის სამინისტროს მიერ კადრების გასაჯაროებით არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამართლის ნორმა დაირღვა.

ის ეჭვობს, რომ დარღვევა, რომელიც ამ კადრების გასაჯაროებით გამომჟღავნდა, სავარაუდოდ, სისტემური ხასიათის პრობლემაა. სამედიცინო დანიშნულების ოთახებში მიყურადება, თვალთვალი და გადაღება ეწინააღმდეგება როგორც პაციენტის უფლებების შესახებ კანონს, ასევე საექიმო საქმიანობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კანონებს.

„იუსტიციის სამინისტრო, მე რომ მკითხოთ, ახლა ყველა მხრიდან შარშია გახვეული. პიროვნულად მიხეილ სააკაშვილის მიმართ ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა, მისი დისკრედიტაციის მცდელობა და საზოგადოების დეზინფორმაციით გამოკვება“, - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი. ის მიიჩნევს, რომ კადრების გასაჯაროება იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სისტემას უფრო დიდ რეპუტაციულ ზიანს აყენებს, ვიდრე მოშიმშილე პატიმარ სააკაშვილს.

მოშიმშილე პატიმართა მოპყრობის წესში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ციხის ადმინისტრაცია შიმშილობის დროს რეგულარულად ავსებს როგორც მოშიმშილის სამედიცინო ბარათს, ასევე საკვების მოწოდების აღრიცხვის ბარათს. მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობას ამოწმებენ ყოველდღე, შიმშილობიდან სამი დღის შემდეგ მოწმდება მისი ფსიქიკური ჯანმრთელობაც - ყოველი შემოწმების შემდეგ ივსება სამედიცინო ბარათი. საკვების აღრიცხვის ბარათში კი აღირიცხება ყველა საუზმე, სადილი და ვახშამი. საკვების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი მიწოდებიდან 2 საათის გასვლის შემდეგ კეთდება შესაბამისი აღრიცხვა მოშიმშილე მსჯავრდებულისათვის მიწოდებული საკვების აღრიცხვის ბარათში.

მოშიმშილე პატიმართა მოპყრობის წესის მიხედვით, „დაუშვებელია მოშიმშილე მსჯავრდებულის ან პატიმრის "პატიმრობის შესახებ" კანონით, დაწესებულების შინაგანაწესითა და კანონმდებლობით დადგენილი უფლებების შეზღუდვა“.

პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირი სარგებლობს პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით.

პაციენტის უფლებების შესახებ კანონი კი სამედიცინო მომსახურების გამწევებს ავალდებულებს პაციენტის შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვას როგორც მის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ. ამ ინფორმაციის გამჟღავნების ნებართვას მას აძლევს მხოლოდ პაციენტის თანხმობა, ან ამ ინფორმაციის სასწავლო ან სამეცნიერო მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობა. ამ დროს აუცილებელია, ინფორმაცია გამოყენებული იყოს იმგვარად, რომ არ ხდებოდეს პირის იდენტიფიცირება.

საიდან იციან მმართველი პარტიის წევრებმა, რა ხდება სააკაშვილის საკანში

კადრების გამოქვეყნებას წინ უსწრებდა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ სააკაშვილი „არ შიმშილობდა“ და „არსებობდა კადრები, რომლის გასაჯაროების ნებართვასაც მიხეილ სააკაშვილისგან ელოდა იუსტიციის სამინისტრო“.

თუ მოვლენებს ქრონოლოგიურად აღვადგენთ, 1 ნოემბერს, ზუსტად მაშინ, როცა სააკაშვილი ციხის სამედიცინო ოთახში იყო, „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე ბრიფინგს მართავდა და სააკაშვილს მოუწოდებდა, პენიტენციური სამსახურისთვის მიეცა უფლება, გაესაჯაროებინა ინფორმაცია მისი შიმშილობის შესახებ.

„მერე ვნახოთ, ფეიკი ხომ არ არის ეს შიმშილობა ან ნახევრად ფეიკი ხომ არ არის... გარკვეული ეჭვები არსებობს საზოგადოებაში... ასე გაგვიგია ყველას, რომ ადამიანი 40 დღე ძლებს [მშიერი], 41-ე დღეს ველოდებით და ჯანსაღად იქნება ეს ადამიანი, დარწმუნებული ვარ. მერე რა უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ სალაპარაკო აღარ გვექნება“, - თქვა მაშინ მდინარაძემ.

კიდევ ერთი კომენტარი აჩენს ეჭვს, რომ სააკაშვილის მიერ დანამატების მიღებაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი შეიძლება ყოფილიყო მმართველი პარტიის ლიდერებისთვისაც. 3 ნოემბერს ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა და მოქმედმა კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა მკაფიოდ თქვა, რომ სააკაშვილი „იკვებებოდა“.

„არ მგონია, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილს ეყოფა გამბედაობა, რომ პენიტენციურ სამსახურს მისცეს უფლება მისი პირადი მონაცემების გასაჯაროების. პირად მონაცემებში იგულისხმება მისი კვების რაციონი, იგულისხმება ის დღის რეჟიმი, რომელიც მას აქვს. კარგი იქნება, თუ ის იპოვის ამ ძალას და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მისი მდგომარეობით არის შეშფოთებული, სიმართლეს ეტყვის“, - ამბობდა წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრმა კადრების გასაჯაროებამდე ერთი დღით ადრე, „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ სააკაშვილი ჭამდა ფაფებს და სვამდა წვენებს, რომელიც მან ციხის მაღაზიაში შეიძინა. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბრის უფლება თავს იმიტომ მისცა, რომ ერთ-ერთმა დეპუტატმა იკითხა, რაზეც სამინისტრომ წერილობითვე უპასუხა და ეს ინფორმაცია ადრე თუ გვიან მაინც გახდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი.

პატიმრობის კოდექსის მიხედვით, „ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ ბრალდებულის/ მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით“. სააკაშვილს ციხის სამედიცინო დანიშნულების ოთახში სავარაუდოდ ისე უღებდნენ, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა, ვიდეოკადრები კი საბოლოოდ მისი თანხმობის გარეშე გაავრცელეს. პენიტენციურმა სისტემამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა.

დეპუტატი, რომელიც იუსტიციის მოქმედმა მინისტრმა 5 ნოემბერს ახსენა, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, შალვა პაპუაშვილია. მან სადეპუტატო კითხვების ფორმატში იუსტიციის სამინისტროს 5 ნოემბერს მიმართა და პასუხად ამავე დღით დათარიღებული წერილიც მიიღო, რომელიც პარლამენტის ვებსაიტზე მოგვიანებით გამოჩნდა. 11-კითხვიან წერილში, რომელიც შალვა პაპუაშვილმა რატი ბრეგაძეს გაუგზავნა, შიმშილობას და კვებას მეშვიდე კითხვა ეხება.

შალვა პაპუაშვილის წერილი
შალვა პაპუაშვილის წერილი

რატი ბრეგაძის პასუხი ამ ვრცელ კითხვაზე მოკლეა და კონკრეტულ დეტალებს არ მოიცავს:

„პატიმარმა საბანკო ბარათის დამზადებისთანავე შეიძინა საკვები პროდუქტები. გარდა აღნიშნულისა, მოგვიანებით ის დათანხმდა და მიიღო სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტები, მათ შორის, შერეული სახეობის ფაფები და ნატურალური წვენები. აგრეთვე, მიხეილ სააკაშვილი იღებს ექიმების მიერ დანიშნულ პრეპარატებს“, - ასე უპასუხებს იუსტიციის მინისტრი დეპუტატს.

შალვა პაპუაშვილის იუსტიციის სამინისტროსთვის გაგზავნილი კითხვა გამონაკლისია სადეპუტატო კითხვების ზოგადი სტატისტიკიდან, რომლის თანახმადაც, დეპუტატები საჯარო უწყებებიდან პასუხებს უმეტესად დაგვიანებით, არასრულად ან საერთოდ ვერ იღებენ.

დაირღვევა თუ არა სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება?

სახელმწიფო ინსპექტორი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დაწყებიდან ამ დრომდე მისი უფლებების დარღვევის რამდენიმე შემთხვევას სწავლობს:

  • სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტს;
  • პენიტენციური სამსახურის მიერ სააკაშვილის მონაწილეობით ვიდეოებისა და საკვების ფოტოების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერებას;
  • ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ, გასაჯაროვდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სიუჟეტის თანახმად, აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის მასალას. საქართველოს პროკურატურამ, ოფიციალური განცხადებით, დაადასტურა, რომ მედიაში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი ნამდვილად წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის მასალას და იგი გადაცემულია პროცესის მონაწილეებისთვის. სახელმწიფო ინსპექტორი სწავლობს ამ მასალის მოპოვების და გავრცელების კანონიერების საკითხს.

სააკაშვილიც და მისი ადვოკატებიც პატიმრობის პირველი დღიდან ითხოვენ, მალე დაინიშნოს სასამართლო სხდომები. პირველი სასამართლო სხდომა 10 ნოემბერს ჩაინიშნა - ადვოკატის თქმით, მოსამართლე ითხოვს, სასამართლო სხდომა სასამართლოს შენობაში ფიზიკურ ფორმატში გაიმართოს და არა პენიტენციურ დაწესებულებაში ან ონლაინ. თუკი პენიტენციური სამსახური სააკაშვილს სასამართლო დარბაზში არ გადაიყვანს, ამ გადაწყვეტილების დასაბუთება მოუწევს. დასაბუთებად შეიძლება გამოდგეს მძიმე ეპიდემიური ვითარება ან მსჯავრებულის ავადმყოფობა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა დასაშვებია, თუ იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას. თუკი პატიმარს სასამართლო სხდომაზე პენიტენციური სისტემა ვერ მიიყვანს, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. მოსამართლემ ამის შესახებ უნდა აცნობოს პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს ბრალდებულის წარმოდგენა და სასამართლოს აცნობოს ბრალდებულის ტრანსპორტირების განუხორციელებლობის მიზეზი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG