Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიაში აუცრელთათვის მკაცრი შემზღუდავი ზომები შემოიღეს


ვენა
ვენა

ავსტრიის მთავრობამ ორშაბათიდან მკაცრი შემზღუდავი ზომები - ფაქტობრივად, ლოკდაუნი - გამოაცხადა ქვეყნის იმ მაცხოვრებლებისთვის, ვინც არაა COVID-19-ის წინააღმდეგ აცრილი. გადაწყვეტილება მიიღეს ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის ფონზე. უკანასკნელ ხანებში ავსტრიაში ერთ დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 9-მილიონიანი ქვეყნისთვის.

ავსტრიაში მოსახლეობის ორი მესამედია აცრილი. ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპაში. ლოკდაუნი დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს შეეხება (შეზღუდვები არ ვრცელდება 12 წლამდე ასაკის ბავშვებზე). მათ აეკრძალებათ სახლის დატოვება საპატიო მიზეზების გარეშე. მათში შედის სამსახურში, სასურსათო მაღაზიასა და ექიმთან წასვლა და გამაჯანსაღებელი გასეირნება. საზოგადოებრივ ადგილებში კი აუცრელებს არ შეუშვებენ, საამისოდ ნეგატიური PCR ტესტიც კი არ იქნება საკმარისი. ლოკდაუნი 10 დღით შემოიღეს და შესაძლებელია გაგრძელებულ იქნეს.

ევროკავშირის მრავალი ქვეყანა ამკაცრებს შეზღუდვებს დაავადების ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის ზრდის ფონზე. როგორც წესი, ეს აუცრელებს ეხება. გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში რესტორნებში, გასართობ ადგილებსა და მასობრივ ღონისძიებებზე შესვლა ნებადართულია მხოლოდ „COVID-ის პასპორტით“, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ვაქცინაციის, გადატანილი დაავადების ან უარყოფითი ტესტის შესახებ. გერმანიის ზოგიერთ რეგიონში რეჟიმი უფრო მკაცრია, ტესტი არ არის საკმარისი.

ფართო მასშტაბის ლოკდაუნი, ანუ დაწესებულებებისა და მომსახურების სფეროს ბიზნესების უმრავლესობის დახურვა შემოღებულია მხოლოდ ლატვიაში. შარშან ლოკდაუნი მოქმედებდა ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში.

ევროკავშირში ინფექციის ახალი შემთხვევების რიცხვი შემოდგომის დაწყების შემდეგ იზრდება, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებლები საშუალოდ უფრო დაბალია, ვიდრე შარშან, რაც შესაძლოა ვაქცინაციის ეფექტთან იყოს დაკავშირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG