Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გაამახვილებენ ყურადღებას 


გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

15 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სხვა აქტუალური საკითხების გარდა მინისტრები საქართველოში განვითარებული მოვლენებისა და მოშიმშილე პატიმრის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზეც იმსჯელებენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს შეხვედრის წინ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანსბერგისმა უთხრა:

„საქართველოში განვითარებული სიტუაცია შეუმჩნეველი არ დარჩება. ცხადია მსჯელობის საგანი იქნება ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და საქართველოს მთავრობის რეაქცია მისთვის შესაძლო დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყების წინ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაპატიმრების დღიდან შიმშილობს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწვეული ექიმთა კონსილიუმის დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მომხდარიყო შესაბამისი პერსონალითა და სამედიცინო აღჭურვილობით დაკომპლექტებულ საავადმყოფოში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 8 ნოემბერს ყოფილი პრეზიდენტი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან, გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციისა" და "მომატებული საფრთხეების" მოტივით გადაიყვანა. თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს. სააკაშვილის სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს დეპუტატი ელენე ხოშტარია ("დროა"), 14 ნოემბერს პარლამენტის შენობაში იგივე მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო ნაციონალური მოძრაობის კოალიციის 9 დეპუტატმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG