გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი მანანა ელეფტეროვა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ამჟამად საფრთხე არ ემუქრება და ის იღებს ყველა საჭირო მედიკამენტს.
მთავარი ექიმი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამკურნალო დაწესებულება წითელ ზონად გამოცხადდა.
„მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან მკურნალობის კურსს გადის პაციენტი მიხეილ სააკაშვილი. მასზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება. უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევები, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტებს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას სხვადასხვა ტელევიზიების მხრიდან, თითქოსდა ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ მე-18 დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.
ასევე როგორც ექიმი, ჩემს კოლეგებს თხოვნით მოგმართავთ, თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზებისგან, პაციენტების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს მანანა ელეფტეროვა.
შეგახსენებთ, რომ გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი შაბათს საღამოს მოინახულა მისმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ. ყიფშიძის თქმით, გუშინ იყო პირველი დღე, როცა სააკაშვილმა მთელი დღე საწოლში გაატარა და ძლიერი სისუსტის გამო მოსანახულებელ ოთახში ჩასვლაც ვერ შეძლო.
დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმავე, #18 დაწესებულებაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს.