Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას ზუგდიდელი ექიმები უერთდებიან


პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას ზუგდიდელი ექიმები შეუერთდნენ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: “გადაიყვანე უმკურნალე”, “არა კაც კლა”, “პრეზიდენტს აქვს სიცოცხლის უფლება”, “მოვითხოვთ შესრულდეს სამედიცინო კონსილიუმის გადაწყვეტილება”.

აქციის მონაწილეებს შორის იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მან შეწყვიტა შიმშილობა, აუცილებლად სჭირდება მულტიფუნქციურ კლინიკაში მკურნალობა, რადგან მოსალოდნელია ამ პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მოჰყვეს.

“მე დღეს თბილისიდან ჩამოვედი. იცით, რომ მეც კლინიკა მაქვს, ვუერთდები ჩემი ექიმების მოთხოვნას, იმიტომ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კი არა, მათხოვარიც რომ იყოს და ავადმყოფი, მას უნდა უშველოს ექიმმა… არავითარ შემთხვევაში ექიმები არ მივცემთ იმის უფლებას, რომ მესამე პრეზიდენტი მოგვიკლან. საკმარისია ზვიად გამსახურდია როგორ მოგვიკლეს რუსებმა”, - განაცხადა ანზორ მელიამ.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ექიმ თეა ხარბედიას სიტყვებით, შეკრებილები, როგორც საქართველოს რიგითი ექიმები, მიმართავენ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, მოახდინოს რეაგირება და მიხეილ სააკაშვილი, სანამ კიდევ უფრო არ გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში.

მანამდე ანალოგიური მიმართვა ქუთაისში გაავრცელეს ექიმებმა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მედიკოსების მიმართვის ადრესატები არიან პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

14 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შიმშილობა დაიწყეს.

იმავე მოთხოვნით, სააკაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად მე-13 დღეა შიმშილობს პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარიაც.

დეპუტატებს შეუერთდა ენმ-ის წევრი გია ბარამიძეც. ის პარტიის ცენტრალურ ოფისში იშიმშილებს.

შიმშილობს კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი ვილი პაჭკორიაც.

დღეს 15 ნოემბერს, შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადეს რუსთავისა და ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“. ამ საკრებულოებში მთლიანობაში ამ დროსათვის 11 ადამიანი შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს 8 ნოემბერს, მისი ნების საწინააღმდეგოდ. სააკაშვილი თანახმაა, შეწყვიტოს შიმშილობა, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის სანაცვლოდ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.

განსხვავებულია სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძისა და მისი თანაპარტიელის, ეკა ხერხეულიძის მიერ გავრცელებული ცნობები. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილი საწოლიდან ვერ დგება და ციხეში, სადაც იმყოფება, ვერ იღებს იმ სამედიცინო სერვისს, რომელიც მისი სიცოცხლის გადასარჩენად არის საჭირო.

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

11 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვიდეოჩანაწერების ფრაგმენტები, რომლებიც ასახავენ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სახალხო დამცველმა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს მოსთხოვეს, შეწყვიტოს ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება და დაიცვას ადამიანის პატივი, ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები.

2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG