Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კედლის დაზიანების გამო ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან მობინადრეები გაჰყავთ


ბათუმი
ბათუმი

ბათუმში რურუას ქუჩაზე მდებარე დაზიანებული საცხოვრებელი სახლიდან 72 ოჯახი დროებით საცხოვრებელში გაჰყავთ. საბჭოთა პერიოდის ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეები აცხადებენ, რომ კორპუსი ავარიულია, საყრდენი კედელი დეფორმირებულია და იქ მცხოვრებლებს საფრთხე ემუქრებათ.

„სახლი წლებია ავარიულია, ვითხოვდით დახმარებას. დღეს კედლის ნაწილი ჩამოიშალა. სახლის კედლები დაბზარულია და გადაწეულია. მანქანების გადაადგილებისას კი სახლი მოძრაობს. ვითხოვთ უსაფრთხო გარემოში გადაყვანას," - აცხადებენ მობინადრეები.

ბათუმის მერიის წარმომადგენლები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან. ბათუმის მერიის ცნობით, რურუას ქუჩის #1-ში დაფიქსირდა საცხოვრებელი შენობის ერთ-ერთი კუთხის დაზიანება. ამიტომ მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მუნიციპალიტეტს 72 ოჯახი ალტერნატიულ ფართებში გადაჰყავს.

„დაიგეგმა საექსპერტო პროცედურები, რომელსაც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს. მოხდება შენობის მდგრადობის შესწავლა, დადგინდება საჭიროებს თუ არა კორპუსი გამაგრებას. რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება", - აცხადებენ ბათუმის მერიაში.

8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ნგრევის ხმა გაისმა და მრავალსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო სრულად ჩამოიშალა. სამძებრო-სამაშველო საქმიანობა თითქმის 24 საათი გაგრძელდა. ჩამონგრეულ კორპუსში 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 - არასრულწლოვანი. მაშველებმა მხოლოდ ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ამ საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. ბრალდების მიხედვით, ისინი მონაწილეობდნენ იმ ტიპის სარემონტო სამუშაოებში, რომელიც გახდა კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის მიზეზი.

ბრალდების მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზ.ბ. სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ფიზიკურ პირებს - ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა #13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხოციელების თაობაზე, რაც ზემოხსენებულ ფართებში, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას მოიცავდა.

XS
SM
MD
LG