Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო სხდომებს


სომხეთის პარლამენტის სხდომა
სომხეთის პარლამენტის სხდომა

სომხეთის ორმა ოპოზიციურმა საპარლამენტო პარტიამ, „ჰაიასტანმა“ და „პატივ უნემმა“ („მაქვს პატივი“), პროტესტის ნიშნად უარი თქვა საპარლამენტო სხდომებში მონაწილეობაზე და 16 ნოემბერს დატოვა ეროვნული ასამბლეა. ოპოზიცია სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, ადანაშაულებს იმაში, რომ აზერბაიჯანის არმიის მხრიდან გრძელდება ორ სამხრეთ კავკასიურ ქვეყანას შორის არსებული საზღვრის ხელყოფა.

ბაქო უარყოფს მისი სამხედროების მიერ სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრას იმ ფონზე, როდესაც გასული შაბათ-კვირიდან ვრცელდება ცნობები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ.

„ოპოზიციურმა ფრაქციებმა მოვითხოვეთ სპეციალური სხდომის ჩატარება და მთავრობისგან პასუხების მოსმენა, თუ რა ხდება ჩვენი სამშობლოს საზღვარზე. მაგრამ ჩვენი მოთხოვნა ჩააგდო მმართველმა უმრავლესობამ. ამის ნაცვლად, ეროვნული ასამბლეის დღის წესრიგში ჩვენ ვხედავთ ისეთ საკითხს, როგორიცაა ვერცხლისწყლის უტილიზაცია“, - განაცხადა 16 ნოემბერს პარტია „პატივ უნემის“ ფრაქციის მდივანმა, ჰაიკ მამიჯანიანმა.

მისი თქმით, ფრაქცია მხოლოდ მაშინ დაბრუნდება დარბაზში, როდესაც პარლამენტში სომხეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა დაიწყება.

15 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის საზღვართან შექმნილი ვითარების გამო, თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, არშაკ კარაპეტიანი და მის ნაცვლად ამ პოსტზე ვიცე-პრემიერი სურენ პაპიკიანი დანიშნა.

უფრო ადრე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ 14 ნოემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები შეეცადნენ განეხორციელებინათ პოზიციური შეტევა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, რომელიც სომეხმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, სომხეთის თავდაცვის მინისტრი, არშაკ კარაპეტიანი, თვითგამოცხადებულ მთიანი-ყარაბაღის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში მაშინ „სამხედრო-პოლიტიკური პროვოკაცია“ უწოდეს სომხეთის თავდაცვის მინისტრის უკანონო ვიზიტს „აზერბაიჯანის კუთვნილ ტერიტორიაზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG