Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე პარლამენტის წევრები აღარ არიან


საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ 79-79 ხმით უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს" ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და "ლელოს" თანადამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს. ხაზარაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას 2 მოწინააღმდეგეც ჰყავდა. ჯაფარიძემ და ხაზარაძემ პარლამენტის მანდატებზე უარი ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თქვეს. კენჭისყრა პარლამენტის დღევანდელ, 16 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე ჩატარდა.

ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტში შეცვლის პარტია „გირჩის“ საარჩევნო სიის წევრი ჰერმან საბო. მამუკა ხაზარაძის ნაცვლად კი, მანდატს ვერავინ მიიღებს, რადგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა თვეების განმავლობაში ოპოზიცია არჩევნების გაყალბების მოტივით, საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებდა, "ლელომ" ცესკოში წარდგენილი პარტიული სია გააუქმა.

„გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება ბოლო ერთ წელიწადში მეორედ მიიღო 2021 წლის 1 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ გაყალბებულად მიჩნეული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულებიდან მალევე. 3 ნოემბერს, ჯაფარიძემ უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტს ოფიციალურად მიმართა.

4 ნოემბერს, პარლამენტს უფლებამოსილების შესაწყვეტად მიმართა პარტია „ლელოს“ თანადამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემაც. მან 31 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგების გასაპროტესტებლად ოპოზიციის მიერ პარლამენტთან გამართულ მიტინგზე თქვა, რომ აზრი არ აქვს საქმის კეთებას ადამიანებთან, რომლებიც ხმას გართმევენ, ამიტომ ბრძოლას ქუჩაში გააგრძელებს.

1 ნოემბერს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თანამოაზრეებს საპატიმროდან მიმართა და ურჩია, ხაზარაძეს მიბაძონ და „ოცნება მარტო დატოვონ საკუთარ თავთან“. იმავე დღეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გარდა, პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება გამოაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ.

თუმცა, 2 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ საპატიმროში მასთან შესახვედრად დეპუტატის მანდატია აუცილებელი და ამასთან, პარლამენტში მისაღებია საკონსტიტუციო ცვლილება პროპორციული და დაბალი ბარიერის მქონე საარჩევნო სისტემის შესახებ, ამიტომ, კონკრეტულ მომენტში საჭიროა პარლამენტში ხალხის მანდატით აღჭურვილი წარმომადგენლების ყოფნა.

საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში ამჟამად 147 წევრია. 5 ოქტომბერს პარლამენტმა 79 ხმით დააკმაყოფილა ნიკა მელიას მიმართვა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ უფლებამოსილების შეწყვეტა 2021 წლის 29 ივლისს მოითხოვა. მელიამ, რომელიც 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს თბილისის მერად იყრიდა, მიზეზად ის დაასახელა, რომ მთლიანად ერთვება საარჩევნო კამპანიასა და „უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად“.

ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით, „ქართულ ოცნებასთან“ აპრილში ხელმოწერილი შეთანხმების დათქმის საფუძველზე, რომლის თანახმად, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში მიიღო ხმების 46%-ზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG