ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, შეადგინონ რუსეთის დაქირავებულ მეომართა მიმართ შესაძლებელი სანქციების სია.
საქმე ეხება გასამხედროებული ფორმირებების წევრებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნენ დასავლეთ აფრიკაში, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა.
Reuters-ის ცნობით, სექტემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალის სამხედრო ხუნტას მოლაპარაკება ჰქონდა რუსეთის მხარესთან კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის ჯგუფის“ დისლოცირების შესახებ. საფრანგეთის მთავრობამ ასეთი პერსპექტივა მიუღებლად მიიჩნია, რადგან იქ საფრანგეთის არმიის ნაწილები არიან განთავსებული.
დასავლეთი აფრიკის კონფლიქტებში დაქირავებული მებრძოლების მონაწილეობაზე იმსჯელეს ბრიუსელში 15 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კულუარებში, როცა მალის ვითარებას განიხილავდნენ.
ლე დრიანის სიტყვებით, სანქციები დაუწესდებათ იმ ფირმებს, რომლებიც „ვაგნერის ჯუფთან“, თანამშრომლობენ.
საფრანგეთის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მალის ხუნტა აპირებს დაქირავებულების გამოყენებას გარდამავალი პერიოდის შემდეგ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მალიში გაისად, 27 თებერვალს, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული.
დასავლეთის მედიის თანახმად, საფრანგეთსა და მის ყოფილ კოლონიას შორის ურთიერთობა გამწვავდა ივნისში მას მერე, რაც საფრანგეთმა გამოაცხადა თავისი კონტრტერორისტული მისიის რეორგანიზების შესახებ. ოპერაციაში 5000 სამხედრო მონაწილეობს.
„ამერიკის ხმას“ მოჰყავს Reuters-ის მონაცემები. ის ეყრდნობა ათამდე პირს, რომლებიც „ვაგნერთან“ არიან დაკავშირებული. მათი თქმით, საიდუმლო სამხედრო ოპერაციები ეწყობოდა ლიბიაში, სირიასა და უკრაინაში და კერძო სამხედრო კომპანია ასრულებდა კრემლის მითითებებს.
რუსეთის ხელისუფლება უარყოფს დაქირავებულ მეომრებთან რაიმე კავშირს.