Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლდიაშვილი მეხუთე დღეა შიმშილობს, ის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს


იმედა კლდიაშვილი
იმედა კლდიაშვილი

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი, იმედა კლდიაშვილი, რომელიც სამართალდამცველებმა 12 ნოემბერს სუს-ის შენობის ბლოკირების გამო დააკავეს, მეხუთე დღეა შიმშილობს. როგორც კლდიაშვილის ადვოკატი ანა ჩაფიძე ამბობს, სამართალდამცავები მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კლდიაშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სწორედ ამას აპროტესტებს იმედა კლდიაშვილი.

კლდიაშვილი 12 ნოემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც ქუთაისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის შესასვლელი ავტომანქანით ჩაკეტა. პოლიციამ ავტომანქანა, რომელშიც კლდიაშვილი იმყოფებოდა, ევაკუატორის საშუალებით გადაიყვანა საჯარიმო ავტოსადგომზე, რის შემდეგაც კლდიაშვილი დააკავეს.

იმედა კლდიაშვილი ამ ფორმით მოითხოვდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ვადამდელ არჩევნებს და სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას.

დაკავებულის ადვოკატის, ანა ჩაფიძის განმარტებით, დაცვის მხარისთვის მიუღებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ.

იმედა კლდიაშვილი, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის ვიცე–მერობის შეთანხმებული კანდიდატი იყო, ხუთი დღის წინ პოლიციამ მეორედ დააკავა. პირველად ის 1 ნოემბერს დააკავეს, როდესაც, ერთ–ერთი საარჩევნო უბნის კომისიის წევრის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის შესასვლელითან გააჩერა ავტომანქანა. ქუთაისის 90-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე გაყალბებას აიძულებდნენ.

2 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული იმედა კლდიაშვილი 2 ათასი ლარით დააჯარიმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ექვსი თვით შეუჩერა მართვის მოწმობით სარგებლობის უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG