Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის და ჩინეთის ლიდერები მათი ქვეყნების სრული თანამშრომლობისკენ მოწოდებით გამოვიდნენ  


აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის პირველი ვირტუალური სამიტი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პირველი ვირტუალური სამიტი გამართეს. ორივე ლიდერი ცდილობდა მათ ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობების სტაბილიზაციასა და გზების მოძებნას კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით.

მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც 15 ნოემბრის საღამოს დაიწყო ვაშინგტონში, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ორმა ლიდერმა "განიხილა საკითხები, რომლებშიც ჩვენი ინტერესები ემთხვევა და საკითხები, რომლებშიც ჩვენი ინტერესები, ღირებულებები და პერსპექტივები განსხვავებულია".

"პრეზიდენტი ბაიდენი მიესალმა გულწრფელი და პირდაპირი საუბრის შესაძლებლობას პრეზიდენტ სისთან ჩვენი განზრახვების და პრიორიტეტების შესახებ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა თეთრმა სახლმა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის თანახმად, სიმ თავის კოლეგას განუცხადა, რომ აშშ-მა და ჩინეთმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთს, გააფართოვონ კომუნიკაცია და თანამშრომლობა, განავითარონ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა და ყურადღება გაამახვილონ თავიანთ შინაგან საქმეებზე და ამასთანავე, შეასრულონ საერთაშორისო მოვალეობების თავიანთი სამართლიანი წილი.

ბაიდენმა წამოჭრა საკითხი ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში უიღურების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ, დემოკრატიული თავისუფლების ეროზიის შესახებ ჰონგ-კონგში, ტიბეტში და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საკითხები, - განაცხადა თეთრმა სახლმა.

შეხვედრის წინ, ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დღის წესრიგის მთავარი საკითხი იქნება ტაივანი, თვითმმართველი კუნძული, რომელსაც აშშ-ი უჭერს მხარს და რომელსაც პეკინი სეპარატისტულ პროვინციად მიიჩნევს.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ბაიდენმა ხაზი გაუსვა იმას, რომ შეერთებული შტატები კვლავაც "ერთი ჩინეთის" პოლიტიკის ერთგულია, თუმცა ის ასევე კატეგორიულად წინააღმდეგია ცალმხრივი მცდელობებისა სტატუს-კვოს შესაცვლელად, პეკინის მიერ ტაივანის წინააღმდეგ ბოლოდროინდელი „იარაღის ჟღარუნის“ შემდეგ.

ბაიდენმა ხაზი გაუსვა ასევე, რომ მნიშვნელოვანია თავისუფალი და გახსნილი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი, ნაოსნობის თავისუფლებისა და უსაფრთხო გადაფრენების ჩათვლით - ჩინეთის სამხედრო ძალების გაძლიერებისა და მისი პრეტენზიების ფონზე სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე.

მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკის ლიდერმა ასევე განიხილა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ისევე როგორც კლიმატის ცვლილების და ჯანდაცვის საკითხები კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG