Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლელ პარტნიორებზე „ოცნების“ თავდასხმები შემაშფოთებელი ტენდენციის სახეს იღებს - 21 NGO


ობიექტური კრიტიკის გაზიარების ნაცვლად, ხელისუფლება სულ უფრო კამპანიურ ფორმას აძლევს საქართველოს დასავლელ მეგობრებზე თავდასხმებს, - აცხადებს 21 არასამთავრობო ორგანიზაცია.

„აშკარაა, რომ უკვე ტენდენციის ფორმას იღებს ხელისუფლების დაპირისპირება დასავლელ პარტნიორებთან. როგორც ჩანს, მმართველი პარტია არ აპირებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წარმართვას და ამისთვის მზადაა დასავლეთის სახელმწიფოებთან და პოლიტიკოსებთან ურთიერთობაც გაიფუჭოს, ქვეყანას კი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სერიოზული პრობლემები შეუქმნას“.

არასამთავრობოების მტკიცებით, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის ლიდერები საჯაროდ და დაუფარავად ესხმიან თავს უცხოელ პარტნიორებს, როცა ისინი კრიტიკულად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

„ეს კრიტიკა ხშირად ეხება სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობას, პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს, საარჩევნო დარღვევებს თუ სხვა საკითხებს... ამას ემატება საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან რეფორმებსა და დასავლეთის ფინანსურ დახმარებებზე საჯაროდ უარის თქმა. საგანგებო აღნიშვნის ღირსია, საქართველოში ბოლოდროინდელი პოლიტიკური კრიზისების დარეგულირებაში ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გაწეული უდიდესი ძალისხმევით მიღწეული შედეგები, რომლებიც საბოლოოდ უგულებელყოფილი იქნა ხელისუფლების მხრიდან“.

არასამთავრობოების შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნება იყო და არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაცია. საქართველოს ხელისუფლება კი მსგავსი ქმედებებით და განცხადებებით სულ უფრო აშორებს მათ ისტორიულ არჩევანს.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  2. ღია საზოგადოების ფონდი
  3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  4. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  5. ევროპის ფონდი
  6. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  7. მედიის განვითარების ფონდი
  8. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  9. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  10. საზოგადოება და ბანკები
  11. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  12. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  13. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  14. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  15. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  16. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  17. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  18. უფლებები საქართველო
  19. საფარი
  20. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  21. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი
XS
SM
MD
LG