"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა შანტაჟის ფორმაა და ამიტომ არ ასრულებს სტრასბურის სასამართლოს მითითებას. ამის შესახებ მან კიდევ ერთი მოშიმშილე პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ ისაუბრა.
"ხდება ისე წარმოჩენა, რომ თითქოს ეს არის ახირებული პოზიცია. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ სერიოზულ რისკებს უსაფრთხოების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ უწყებები, სამართალდამცავები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ასეთი ტიპის გეგმები ვერ განხორციელდეს, მაგრამ რისკის ქვეშ დაყენება ადამიანების სიცოცხლის არის, რა თქმა უნდა, სერიოზული დილემა. აქედან გამომდინარე ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით - ერთი, რომ არ არსებობს ამის საჭიროება და მეორე - უსაფრთხოების რისკები არის სერიოზული", - თქვა კობახიძემ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ აბსურდული არგუმენტები გააცნო მედიას:
"ეს ორი მიზეზი ნაცბობია, ესენია პენიტენციური სამსახურის მიერ მოფიქრებული - როცა სასამართლოში გამოუცხადებლობის მიზეზად გამოაცხადეს სუს-ში მიმდინარე ბუნდოვანი გამოძიება და მეორე ის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რისკის შემცველია".
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის ამ დროიდან, ანუ ზუსტად 48 დღეა შიმშილობს. სააკაშვილი მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მას სამოქალაქო კლინიკაში რეაბილიტაციისთვის გადაიყვანენ.