16 ნოემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში აღირიცხა კორონავირუსით ინფიცირების 22 479 ახალი შემთხვევა, რაც ამ, 10,7 მილიონი მოსახლის მქონე ქვეყნისთვის, სარეკორდოდ მაღალი მაჩვენებლია პანდემიის დაწყების შემდეგ.
მონაცემები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო 17 ნოემბერს ავრცელებს, აჩვენებს 54 პროცენტიან მატებას ერთი კვირის წინანდელ ვითარებასთან შედარებით და აჭარბებს აქამდე არსებულ უმაღლეს ნიშნულს, ინფიცირების 17 778 შემთხვევას, რომელიც იანვარში აღირიცხა.
COVID-19-ით დაავადების მონაცემები ჩეხეთის გარდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც მატულობს, მათ შორის ავსტრიაში, გერმანიასა და სლოვაკეთში, რასაც ჰაერის ტემპერატურის კლება უწყობს ხელს. ჩეხეთის რესპუბლიკის მოსახლეობაში სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია ვაქცინაციის მონაცემი - იქ სრულად აცრილია მოსახლეობის 57,6 პროცენტი, მაშინ, როცა ევროკავშირის საშუალო მონაცემი 69 პროცენტამდეა.
ვირუსის აფეთქების წინა ტალღებთან შედარებით, ჩეხეთის რესპუბლიკაში მსუბუქი შეზღუდვები მოქმედებს, მთავრობა ჯერჯერობით ეწინააღმდეგება წესების გამკაცრებას და აცხადებს, რომ ლოკდაუნი არ იქნება და არც სკოლები დაიხურება. მოსახლეობას ვაქცინაციის მოწმობის ან COVID-19-ზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენა უწევს საიმისოდ, რომ რესტორნებში ან ბარებში შევიდეს. ჩეხეთის რესპუბლიკის საავადმყოფოებიდან ვრცელდება ცნობები, რომ 16 ნოემბერს კორონავირუსით დაავადებული 4 425 პაციენტი მიიღეს, რაც ნახევარზე ნაკლებია მარტში აღრიცხული სარეკორდო რაოდენობისა, - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.
დაწერეთ კომენტარი