Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერსონალმა სამედიცინო აპარატურის გამოყენება ვერ შეძლო - სააკაშვილის ადვოკატი


ადვოკატის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გლდანის მსჯავრდებულთა კლინიკის პერსონალმა ვერ გამოიყენა აპარატურა, რომელიც დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის გადაყვანის შემდეგ შეიტანეს.

„როცა კონსილიუმის წევრებმა ითხოვეს, რომ გაესინჯათ [სააკაშვილი] და დიაგნოსტირება მოეხდინათ, უბრალოდ არ აღმოჩნდა პერსონალი, ვინც ამას გააკეთებდა, ეცოდინებოდა ამ აპარატურასთან მუშაობა“, - განაცხადა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილთან 16 ნოემბერს, გვიან ღამით შევიდა.

კლინიკა „ღია გულის“ ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი გრიგოლიამ მედიასთან თქვა, რომ ინტენსიური თერაპიის პალატა კარგად აღჭურვილი და დაკომპლექტებულია, თანამშრომლები გადმოყვანილი არიან რესპუბლიკური საავადმყოფოდან.

თუმცა გრიგოლიას თქმით, სააკაშვილისნაირი პაციენტის მკურნალობის გამოცდილება დაწესებულებას არ აქვს და მისი იქ მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. ხელისუფლება წინააღმდეგია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG