Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დაატოვებინა ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი


"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მაია კალანდია ერთ-ერთია, ვინც პოლიციამ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან იძულებით გაიყვანა

პოლიციამ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი იძულებით დაატოვებინა ახალი მოწვევის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეულ წევრებს, რომლებმაც მანამდე, სხდომათა დარბაზში ლეიბები გაშალეს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გარდა მოითხოვეს, რომ 2017 წლის მოწვევის საკრებულომ არ განიხილოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოთხმა წევრმა და პარტიის ერთმა მხარდამჭერმა ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ოთახში შიმშილობა 15 ნოემბერს დაიწყეს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. დღეს, 17 ნოემბერს აქციის მონაწილეებმა ფრაქციის ოთახიდან საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს და ლეიბები გაშალეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ 2017 წლის მოწვევის საკრებულომ მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი არ უნდა მიიღოს, რადგან ეს ბიუჯეტი არ არის „ხალხზე მორგებული“ და მიზნად ისახავს მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდას. ზუგდიდის საკრებულოში იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ანა წითლიძეც. მისი განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ სურს 2022 წლის ბიუჯეტი დაჩქარებული წესი მიიღოს იმის შიშით, რომ ახალი მოწვევის საკრებულოში უმრავლესობა აღარ ეყოლება და ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნამ შესაძლოა, რიგგარეშე არჩევნები გამოიწვიოს.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ჭეჟია აცხადებდა, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა კანონით დადგენილი პროცედურებით მიმდინარეობს. ჭეჟია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდებდა სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ. უარის შემდეგ საკრებულოში პოლიცია მივიდა და აქციის მონაწილეები დარბაზიდან იძულებით გაიყვანა. სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, მაია კალანდიას. სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს მედიის წარმომადგენლებსაც. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შიმშილობის აქცია ისევ ფრაქციის ოთახში გააგრძელეს.

2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, "ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. 45-წევრიან საკრებულოში 22 მანდატი მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ", 20 "ქართულმა ოცნებამ" და 3 ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის". მერის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ დაამარცხა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, ანზორ მელია.

ადგილობრივი არჩევნების საბოლოო შედეგები ოფიციალურად უკვე შეჯამებულია. ეს პროცესი ნოემბრის პირველ ნახევარში დასრულდა. თვითმმართველობის კოდექსით, "საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში". საარჩევნო ადმინისტრაციას ეს ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG