Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭო რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეაჩეროს „მემორიალის“ ლიკვიდაცია


დუნია მიატოვიჩი
დუნია მიატოვიჩი

ევროპის საბჭო რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეაჩეროს ორგანიზაცია „მემორიალის“ ლიკვიდაცია და გადაუდებელი წესით გააუქმოს კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ.

ამის შესახებ ლაპარაკია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარის, დუნია მიატოვიჩის განცხადებაში, რომელიც 17 ნოემბერს გამოქვეყნდა.

რუსეთის ხელისუფლების მოქმედებები, რომლებიც „საერთაშორისო მემორიალისა“ და უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალის“ ლიკვიდაციისკენ არის მიმართული ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის დარღვევის გამო, ღრმა შეშფოთებას იწვევს ევროპის საბჭოში.

„მემორიალი“ არის „სიმბოლო დაუღალავი ბრძოლისა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის პოსტსაბჭოთა სივრცესა და მის ფარგლებს გარეთ,“- ნათქვამია განცხადებაში. მიატოვიჩის თქმით, ორგანიზაციების განადგურებას მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ექნება მთლიანობაში სამოქალაქო საზოგადოებისთვის და რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვისთვის.

როგორც მიატოვიჩი აღნიშნავს, განსაკუთრებულ განგაშს იწვევს ის, რომ უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალი“ ექსტრემისტებისა და ტერორისტების გამართლებაში დაადანაშაულეს პოლიტპატიმრების მხარდაჭერის გამო.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურორმა უზენაეს სასამართლოს გაუგზავნა მოთხოვნა, ლიკვიდირებულ იქნეს უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო მემორიალი“, მოსკოვის პროკურატურამ კი მოსკოვის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალის“ ლიკვიდაციის მოთხოვნით „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის სისტემატური დარღვევისთვის. კერძოდ, მას მასალებზე „უცხოეთის აგენტობის“ თაობაზე სათანადო მარკირების არქონას ედავებიან.

„მემორიალში“ აცხადებენ, რომ საქმე გვაქვს „ორგანიზაციების განადგურების პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG