“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოშიმშილე წევრები, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ძალის გამოყენებით გააძევა ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან, კვლავ გეგმავენ იმავე დარბაზში დაბრუნებას.
ენმ-ის წევრ პარლამენტარ ანა წითლიძის განცხადებით, ფრაქციის ოთახიდან, სადაც ახლა აგრძელებს შიმშილობას ენმ-ის 5 წარმომადგენელი, კვლავ გადავლენ სხდომათა დარბაზში და არ მისცემენ საკრებულოს მერიის თანამშრომლებზე და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებზე მორგებული ბიუჯეტის დამტკიცების უფლებას. ანა წითლიძის მტკიცებით, 2022 წლის ბიუჯეტში 22 მილიონი ლარია გათვალისწინებული საჯარო მოხელეების ხელფასებისთვის:
“მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალის გამოყენებით გამოათრიეს მოშიმშილეები და გამომათრიეს მე, ჩვენ მაინც ვაპირებთ დავიკავოთ სხდომათა დარბაზი. ვნახოთ, ვინ ვის დაღლის და ვნახოთ, როდემდე ჩადგება აქ გაძლიერებული პოლიციის კორდონი. ყველამ უნდა იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე, არალეგიტიმური საკრებულო ამტკიცებს 2022 წლის ბიუჯეტს. ეს არის კანონდარღვევა. მას არა აქვს ამის უფლება, იმიტომ რომ არა აქვს უფლებამოსილება, რომელმაც უნდა მიიღოს ეს”, - განაცხადა ანა წითლიძემ.
პოლიციამ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი იძულებით დაატოვებინა ახალი მოწვევის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეულ წევრებს, რომლებმაც მანამდე, სხდომათა დარბაზში ლეიბები გაშალეს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გარდა, მოითხოვეს, რომ 2017 წლის მოწვევის საკრებულომ არ განიხილოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი.
მათი განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ სურს 2022 წლის ბიუჯეტი დაჩქარებული წესი მიიღოს იმის შიშით, რომ ახალი მოწვევის საკრებულოში უმრავლესობა აღარ ეყოლება და ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნამ შესაძლოა, რიგგარეშე არჩევნები გამოიწვიოს.
თავის მხრივ, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ჭეჟია დღეს სხდომათა დარბაზში მომხდარს კარგად დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს.
“გარედან დასანახად, რა თქმა უნდა, არ არის ლამაზი, მაგრამ ეს იყო შეგნებულად დადგმული პროვოკაცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ. სამწუხაროდ. მათ მოგვმართეს ჩვენ, რომ ფრაქციულ ნაწილში გაერთიანებულად, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" სხდომათა დარბაზში ერთობლივად განიხილავდა ბიუჯეტს. ამის შემდეგ, სამ საათზე დაგეგმილი იყო "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სხდომა. ამავე დარბაზში მოეწყო ბიუჯეტის განხილვა. ფრაქციის წარმომადგენლებმა ეს მშვენივრად იცოდნენ, მაგრამ ვნახეთ ის, რაც ვნახეთ. განხილვის ნაცვლად მოაწყვეს მასკარადი. პირველი სართულიდან გადმოინაცვლეს სხდომათა დარბაზში, სადაც სხდომის ჩატარების უფლება თანაბარზომიერად ყველა ფრაქციის წარმომადგენელს აქვს", - აღნიშნა ბესიკ ჭეჟიამ.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ბრალდება, რომ 2022 წლის ბიუჯეტში თანხების დიდი ნაწილი მერიის თანამშრომლების და აიპ-ების ხარჯებს ხმარდება, სიმართლეს არ შეესაბამება. ესეც, მისი განმარტებით, ოპოზიციის მხრიდან მანიპულაციის ნაწილია.
მისი სიტყვებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 46 მილიონ 500 ათასი ლარით არის განსაზღვრული და აქედან დაახლოებით 7 მილიონი ლარია სახელფასო ფონდი და არა 22 მილიონი, როგორც ოპოზიცია ამბობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კვლავ პოლიციაა მობილიზებული. აქციას აგრძელებენ მოშიმშილეები.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოთხმა წევრმა და პარტიის ერთმა მხარდამჭერმა ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ოთახში შიმშილობა 15 ნოემბერს დაიწყეს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. დღეს, 17 ნოემბერს აქციის მონაწილეებმა ფრაქციის ოთახიდან საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს და ლეიბები გაშალეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დარბაზი პოლიციამ დაატოვებინა.