Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებით მთავრობის ვალდებულებებსა და საფრთხეებზე საუბრობს


საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მთავრობის ვალდებულებებზე საუბრობს. მან საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ სააკაშვილს უნდა მიეცეს მკურნალობის შესაძლებლობა, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა რისკებთან არის დაკავშირებული.

"ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ვიღებდი და ვიღებ ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი უწყებებისგან... დღეს მინდა ხელისუფლებას და საზოგადოებას მივმართო და ჩემი შეხედულება გავაცნო.

პრეზიდენტის განცხადება სრულად წაიკითხეთ აქ

პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, რამეთუ ის მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და უნდა ეცეს პატივი. იმ კადრების გავრცელება, რომელიც ღირსების და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია...

დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება რამეში დაემსგავსოს წინამორბედს, ამიტომ გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი და შეურაცხყოფა მიუღებელია, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვისაც.

ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ... ყველა ხვდება კარგად, რომ პრეზიდენტების ჯანმრთელობა პირდაპირ თუ ირიბად სახელმწიფოს ეხება და შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფოს სტაბილურობაზე.

ასევე, ყველას გვესმის, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა, მიუხედავად იმისა, რომ თავად მიიღო შიმშილობის გადაწყვეტილება და თავად ცდილობს მართოს ეს პროცესი, ეს არ ხსნის და არ ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. ლოგიკურად, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებით ყველაზე მეტად დაინტერესებული ხელისუფლება უნდა იყოს და ვფიქრობ, არის კიდეც...​

ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი ისევე, როგორც სხვა რიგითი პატიმრები, გადაყვანილი იყოს სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ გააჩნიათ რეალური წარმოდგენა, რას ნიშნავს ეს ან რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული.

თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ, ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევა რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია.

ამავე დროს, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი, საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს ეჭვი, რომ რამე დააკლეს მას შიმშილობისას თუ არანაკლებ საშიშ ეტაპზე - შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სააკაშვილის შიმშილობის დაწყებიდან 48 დღეა.

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG