Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობა მიესაჯა კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის მონაწილე "შამანს"


ჯეიკობ ჩენსლი კაპიტოლიუმის შენობაში. 2021 წლის 6 იანვარი

კოლუმბიის ოლქის სასამართლომ 41 თვით პატიმრობა მიუსაჯა კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის ერთ-ერთ მონაწილეს, არიზონის შტატის მცხოვრებ ჯეიკობ ჩენსლის. 51 წლის ჩენსლი შამან Qanon-ის მეტსახელითაა ცნობილი.

ბრალდების მხარე ჩენსლისთვის 51-თვიან პატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლე როის ლამბერტმა არ გაიზიარა. უფრო მკაცრი სასჯელის მოთხოვნას პროკურორები იმით ასაბუთებდნენ, რომ ჯეიკობ ჩენსლი მეამბოხეთა ნაწილს ხელმძღვანელობდა და ერთ-ერთი პირველი შეიჭრა კაპიტოლიუმის შენობაში. როგორც CNN იუწყება, ბრალდების მხარე სასამართლო პროცესზე ჩენსლის წარმოადგენდა, როგორც ბარბაროსთა სიმბოლოს. პროკურორების პოზიცია იყო, რომ ჯეიკობ ჩენსლის და სხვათა ქმედებებმა ზიანი მიაყენა ამერიკული დემოკრატიის საფუძველს - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას.

ჩენსლი კაპიტოლიუმზე თავდასხმიდან მალევე, 2021 წლის იანვარში დააკავეს. მის ადვოკატებს იმედი ჰქონდათ, რომ მოსამართლე ჩენსლის საბოლოო სასჯელის ვადად განუსაზღვრავდა დაკავებიდან უკვე გასულ პერიოდს, თუმცა, მოსამართლე ლამბერტმა არც დაცვის მხარის პოზიცია გაიზიარა. ადვოკატების არგუმენტებს შორის იყო ჯეიკობ ჩენსლის ფსიქიკური მდგომარეობა. დაცვის მხარე აცხადებდა, რომ ჩენსლის, რომელიც აშშ-ის არმიის ვეტერანია, დიდხანს ჰქონდა მენტალური პრობლემა, რომელიც დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა და მისი გათავისუფლება აუცილებელია.

თავად ჯეიკობ ჩენსლიმ სასამართლოს წინაზე გამოსვლისას ილაპარაკა გავლენაზე, რომელსაც მასზე ახდენს საპატიმროში ყოფნა და დანაშაულის გრძნობაზე, რომელიც კანონის დარღვევის გამო აქვს. ჯეიკობ ჩენსლიმ თქვა, რომ ის კაპიტოლიუმის შენობაში შევიდა არა როგორც მეამბოხე ან ტერორისტი, არამედ კარგი ადამიანი, რომელმაც კანონი დაარღვია და ამას აღარასდროს გააკეთებს. გამოსვლისას ჩენსლიმ მოიყვანა ციტატები აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლის გამოსვლებიდან და ფილმიდან „გაქცევა შოუშენკიდან“ და განაცხადა, რომ სურს იცხოვროს როგორც იესო ქრისტემ და განდიმ. მოსამართლე ლამბერტმა ჩენსლის გამოსვლას შესანიშნავი უწოდა, თუმცა, განაცხადა, რომ მან სერიოზული დანაშაული ჩაიდინა და 41-თვიან პატიმრობაზე ნაკლებ სასჯელს ვერ გამოიტანს.

2021 წლის 6 იანვარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალი წაყენებული აქვს საერთო ჯამში, 600-ზე მეტ პირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG