წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის, „ემპათია”, ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი იმყოფებოდა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, რომელშიც სასჯელს იხდის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ჯიშკარიანი ექსპრეზიდენტის მდგომარეობას მწვავედ კრიტიკულად აფასებს. ის მიიჩნევს, რომ პაციენტი საჭიროებს სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში.
„პირველი, აქ არ ხორციელდება ჯანდაცვის სისტემისთვის დამახასიათებელი უწყვეტობა. მისი მკურნალი ექიმი არ ფლობს იმ უნარებს, რომ მართული იყოს პაციენტის ეს მდგომარეობა. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ იმის რეგულირებას, თუ ვინ შევა პაციენტთან და ვინ გამოვა (სამედიცინო შემოწმებას ვგულისხმობ), აკეთებს არა სამედიცინო პერსონალი, არამედ გარკვეული ფორმიანი ადამიანები, რაც დაუშვებელია კლინიკის ტერიტორიაზე. ჩვენს ექიმს, ენდოკრინოლოგს, არ მიეცა საშუალება პაციენტი შეემოწმებინა. ჩვენს ექსპერტ-ფსიქიატრს არ მიეცა პაციენტის შემოწმების საშუალება. მხოლოდ მე და რეანიმატოლოგმა შევამოწმეთ", - თქვა ჯიშკარიანმა.
„ემპათიის" ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს გუნდური მუშაობის გამოცდილების მქონე შტატი, რომელშიც იქნება შესაბამისი ცოდნის მქონე პასუხისმგებელი მკურნალი ექიმი, ამ შემთხვევაში ალბათ ინტენსიური თერაპიის სპეციალისტი და არა მორიგე ექიმი, რომელიც, მარიამ ჯიშკარიანის შეფასებით, პრაქტიკულად ინფორმაციას არ ფლობს.
„ჩვენს ენდოკრინოლოგს ვერ უთხრეს საერთოდ გლუკოზის დონე როგორი იყო გუშინ, როგორი არის დღეს. იქ ჩანაწერები არ შეესაბამება სტანდარტებს. პრინციპში ინფორმაციული არ არის, რაც ჩვენ ვიხილეთ", - აღნიშნა მან.
რაც შეეხება რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებიან, ჯიშკარიანის შეფასებით, ისინი წარმოადგენენ ტრანზიტორულ გუნდს (მუდმივად არ მუშაობენ მე-18 დაწესებულებაში).
„შესაბამისად, აქ სიტუაციას ისინი ვერ ფლობენ. მათი უფლებები ფრიად შეზღუდულია, როგორც მე შევატყვე. აქ ექიმები არ განკარგავენ პაციენტების ჯანმრთელობის მკურნალობას. აქ არის შეუძლებელი და დაუშვებელი პაციენტის მკურნალობა ამ სიტუაციაში, რომელიც არის კრიტიკულად მწვავე. ჩვენ ახლოს ვდგავართ შეუქცევადი დეგენერაციული მოვლენების განვითარებასთან, - თქვა ჯიშკარიანმა და დაამატა, - საავადმყოფოში თუ მხოლოდ მთავარი ექიმი და გადმოსროლილი ბრიგადა მუშაობს, ამას საავადმყოფო არ ჰქვია".
18 ნოემბერს, საღამოს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსულმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი შეხვედრის შემდეგ წაიქცა.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა 17 ნოემბერს გამოაქვეყნა.
„პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", - ვკითხულობთ დასკვნაში.
დასკვნის სრული ტექსტი შეგიძლია იხილოთ აქ
16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მან გადაწყვეტილება ახსნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით და იმით, რომ „პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია“.
უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.
სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები. იგივე მოთხოვნით 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია. 14-16 ნოემბრიდან შიმშილობას შეუერთდნენ დეპუტატები და საკრებულოს წევრები თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში. თბილისში შიმშილობა აქვთ გამოცხადებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ბარამიძესაც და "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელს, ვილი პაჭკორიას. 16 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.
დაწერეთ კომენტარი