საფრანგეთმა და გერმანიამ რუსეთი დაადანაშაულეს დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაში მას შემდეგ, რაც, დონბასში კონფლიქტის მოწესრიგების საკითხის გარშემო, მოსკოვმა გამოაქვეყნა სამი ქვეყნის (გერმანიის, რუსეთისა და საფრანგეთის) საგარეო საქმეთა მინისტრების მიმოწერა.
ლავროვის მიმოწერა თავის გერმანელ და ფრანგ კოლეგასთან 17 ნოემბერს გამოქვეყნდა. იგი შედგება რამდენიმე წერილისგან. პირველში ლავროვი „ნორმანდიულ ფორმატში“ შეხვედრის მომზადებაზე წერს და მათ დასკვნით განცხადებას სთავაზობს. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საჭიროა პირდაპირი დიალოგის გამართვა კიევსა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს შორის, ხოლო კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში მოხსენიებულია, როგორც შიდა უკრაინული კონფლიქტი.
შეკითხვაზე, თუ რა იყო მიზეზი ამ მიმოწერის გამოქვეყნებისა, სერგეი ლავროვმა 18 ნოემბერს მოკლედ მიუგო, რომ მას „ყელში ამოუყვანეს“. რუსი მინისტრი გულისხმობდა საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ჟან-ივ ლე დრიანსა და ჰაიკო მაასს. ერთ-ერთ ბოლო წერილში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 ნოემბერს გამოაქვეყნა, ლავროვი წერს, რომ მოსკოვი სულ უფრო ხშირად აწყდება კონფლიქტის მოგვარების პროცესში „რუსეთის პოზიციისა“ და მისი როლის დამახინჯებას. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ლე დრიანი და მაასი უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ რუსეთს, რომ იგი უარს ამბობს „ნორმანდიულ ფორმატში“ მინისტრების შეხვედრაზე და ცდილობს ძირი გამოუთხაროს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქმედებას „ნორმანდიული ფორმატის“, გერმანიის, რუსეთის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფორმატის, განადგურების მცდელობა უწოდა.