Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ უარი მითხრეს სააკაშვილთან შეხვედრაზე


ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებასთან მყოფ ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მას უარი ეთქვა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მონახულებაზე. ადვოკატის თქმით, უარი ციხის ადმინისტრაციამ იმით დაასაბუთა, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში წევს და მასთან შესვლის უფლება მხოლოდ ექიმებს აქვთ. საძაგლიშვილი ამბობს, რომ მისთვის არ განუმარტავთ, როდის გახდება კვლავ შესაძლებელი მოინახულოს სააკაშვილი. ადვოკატი მიიჩნევს, რომ იმგვარ კრიტიკულ მდგომარეობაში, როგორიც ახლაა, მნიშვნელოვანია ადვოკატებს მიეცეთ საშუალება ნახონ მიხეილ სააკაშვილი.

"გამოვცხადდი დილას, მსურდა, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. განმიმარტეს, რომ მას ეძინა და რომ გაიღვიძებდა შემატყობინებდნენ და დამიშვებდნენ, თუმცა დაახლოებით საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ, მითხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რეანიმაციაში, სადაც იმყოფება მხოლოდ სამედიცინო პერსონალი და ადვოკატებს ვერ შეგვიშვებდნენ.

მე მოვითხოვე დაკავშირება შესაბამის პირთან, იქნებოდა ეს ექიმი, თუ დაწესებულების დირექტორი, რათა მოეწოდებინა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ვესაუბრე მე-18 დაწესებულების მთავარ ექიმს ქალბატონ მანანას, რომელმაც მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ღამე გაატარა რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა არის სტაბილური, გარკვეული კვლევები ჩატარდა, თუმცა ყველა კვლევის პასუხი ჯერჯერობით არ არის მოსული.

ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული პრობლემა, მათი განმარტებით, არ არსებობს, თუმცა ელოდებიან კვლევების შედეგებს და ასევე განმიცხადა, რომ დღეს მოხდება სხვადასხვა პროფილის ექიმების შეხვედრა და ამ შეხვედრაზე გადაწყდება, რა იქნება მომდევნო ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მის გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულად რომელი ექიმების შეკრება იგეგმება ან როდის მოხდება ეს შეხვედრა, არ მოუწოდებიათ", - თქვა დიტო საძაგლიშვილმა მედიასთან, ციხის კლინიკის დატოვების შემდეგ. ის მიიჩნევს, რომ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, როცა სააკაშვილმა გონება დაკარგა, პენიტენციურმა დაწესებულებამ ინფორმაცია მსჯავრდებული პაციენტის შესახებ საზოგადოებას პროაქტიულად უნდა მიაწოდოს.

მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა 18 ნოემბერს, დაახლოებით 18 საათისთვის, როცა მას ადვოკატები ხვდებოდნენ. პენიტენციური დაწესებულების ექიმი ადასტურებს გონების დაკარგვის ეპიზოდს და ამბობს, რომ "პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია."

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG