Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი: სახალხო დამცველის სამსახური კრიტიკის ნაცვლად იმსახურებს ქებას


საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგანი დადებითად აფასებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობას და ამბობს, რომ ენდობა მის დასკვნებს. ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს კითხვაზე, რომელიც მმართველი პარტიის მხრიდან ომბუდსმენის კრიტიკას შეეხებოდა.

"ნებისმიერი თავდასხმა ან მცდელობა სახალხო დამცველის ოფისზე არის მიუღებელი. სახალხო დამცველი და მისი გუნდი ასრულებენ იმ საქმიანობას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით - ეს გულისხმობს თითოეული ადამიანის უფლების დაცვას და ამას აკეთებს მაღალპროფესიულ დონეზე, მიუკერძოებლად, ზუსტად. მისგან მიღებული ინფორმაცია ასევე არის მიუკერძოებელი და ზუსტი. საზოგადოებაში არსებობს სწორი ინფორმაციის ნაკლებობა, რასაც ავსებს სახალხო დამცველი და მისი გუნდი. ისინი ნამდვილად შთამბეჭდავ საქმიანობას ეწევიან და შესაბამისად, გვაქვს დიდი ნდობა მათი დასკვნების მიმართ.

ამ ოფისის საქმიანობა იმსახურებს მხარდაჭერას და როგორც ადრე აღვნიშნეთ, კრიტიკის ნაცვლად, იმსახურებს ქებას", - თქვა ელჩმა.

საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილმა ექიმების კონსილიუმმა 16 ნოემბერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, 17 ნოემბერს თქვა, რომ ის კრიტიკულ ფაზაშია. გარდა ამისა, ექიმების ამავე ჯგუფმა აღნიშნა, რომ საჭიროა მოშიმშილე ექსპრეზიდენტის გადაყვანა დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.

ამ დასკვნას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ფეიკი" უწოდა და მოსალოდნელ, სავარაუდო პასუხისმგებლობაზე ილაპარაკა:

"როცა იდება ასეთი "ფეიკ" დასკვნა, მათ შორის ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ, წარმოიდგინეთ ამ "ფეიკს" მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია. ამ შემთხვევაში ეს მორიგი "ფეიკი" ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და ექიმის".

სახალხო დამცველმა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ეს განცხადება ზეწოლის მცდელობად შეაფასა.

"აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე/ექსპერტებზე ზეწოლის მცდელობას მათი პროფესიული ნიშნით გამოთქმული მოსაზრებების გამო, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო პრინციპებს.

მოვუწოდებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ევროპის საბჭოს, ეუთო/ოდირის, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და ომბუდს გაერთიანებებს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და თავიანთი მანდატის ფარგლებში შესაბამისი შეფასება მისცენ მას. პარიზის პრინციპებისა და ვენეციის პრინციპების საწინააღმდეგოდ, საქართველოს სახალხო დამცველს ექმნება დაბრკოლებები მისი მანდატის განხორციელებისას და არსებობს რისკი, სამომავლოდ ექსპერტებმა უარი განაცხადონ სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე", - წერია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG