ექიმების ჯგუფი დღეს შეადგენს საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობის შემდგომი მკურნალობის სქემას. 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანილი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გვიან ღამით, „მძიმედ“ და „რთულად“ შეაფასა მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ.
მისი ინფორმაციით, პაციენტი პატიმრის შემდგომი მკურნალობის სქემა 20 ნოემბერს, ერთობლივად განიხილება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმისა და გორის ჰოსპიტლის მედპერსონალის მიერ.
„საკმაოდ ბევრ ექიმს ვიცნობ, რომლებიც აქ [გორის სამხედრო ჰოსპიტალში] მუშაობენ. ისინი ძალიან კარგი და გამოცდილი ექიმები არიან. მათ გარდა, კლინიკაში მორიგეობს ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოს ჯგუფი, რეანიმატოლოგები, რომლებიც მუდმივად, მორიგეობით იმუშავებენ“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ, მიხეილ სააკაშვილის გორში გადაყვანის შემდეგ.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმარი პაციენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ, ხანგრძლივი უარის შემდეგ, 19 ნოემბერს მიიღო.
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 18 ნოემბერს, როცა მან გონება ადვოკატების თვალწინ დაკარგა და შემდეგ გლდანის სამკურნალო დაწესებულების ახლად აწყობილ რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა. ექიმები აცხადებდნენ, რომ შესაძლებელი იყო მისი სიკვდილი.
წინასწარი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შემდგომ მკურნალობას მონიტორინგს გაუწევენ სახალხო დამცველისა და ცენტრ „ემპათიის“ მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფები.
ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 19 ნოემბერს მიტინგზე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება, მაგრამ არა გორის სამხედრო ჰოსპიტალთან.
გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, ჩნდება „ხელახალი კვების სინდრომის“ წარმოშობის რისკი, რაც ფატალური შედეგითაც შეიძლება დასრულდეს. არასათანადო მართვის პირობებში, შესაძლოა, განვითარდეს ღვიძლის დისფუნქცია, გულის არითმია და ფილტვისა თუ ნევროლოგიური პრობლემები.
მაქსიმალური სიფრთხილეა რეკომენდებული ყველასთვის, ვინც შიმშილობდა ხუთი დღის ან მეტი ხნის განმავლობაში. მიხეილ სააკაშვილი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა.