Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსილიუმის ექიმები სააკაშვილზე: გარკვეული პოზიტიური ძვრებია, დამშვიდება ნაადრევია


გორის სამხედრო ჰოსპიტალი
გორის სამხედრო ჰოსპიტალი

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ექიმები, შესაბამისი მკურნალობის პირობებში, მიხეილ სააკაშვილის სრულ გამოჯანმრთელებას მოელიან.

ჰემატოლოგ ნინო შარაშენიძის განცხადებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები, რაც პაციენტს აქვს, სრულიად დასაშვებია მკურნალობის ამ ეტაპზე და შესაძლებელია „კლინიკური მაჩვენებლებისა და ლაბორატორიული მდგომარეობის სრულად კორეგირება“.

ჰემატოლოგი, კონსილიუმის სხვა ექიმებთან ერთად, 20 ნოემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა. ნინო შარაშენიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა „დინამიკაში ნამდვილად გაუმჯობესებულია“ და მას ადეკვატური მკურნალობა უტარდება.

„ჩვენ ვნახეთ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, შევაფასეთ პაციენტის თერაპიული სტატუსი, დავსახეთ ლაბორატორიული კვლევების შემდგომი სქემა, შევიმუშავეთ მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები... ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხვალინდელ დღესთან მიმართებითაც, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ“, - განაცხადა ნინო შარაშენიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლის შენობიდან გამოსვლის შემდეგ.

ჰემატოლოგის თანახმად, პროცესში ჩართული იყო სამხედრო ჰოსპიტლის მედპერსონალი და ასევე, ექიმი ნუტრიციოლოგი რესპუბლიკური საავადმყოფოდან, რომელმაც „დასახა კვებითი რეჟიმის ახალი ტაქტიკა“.

კონსილიუმის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ექიმ ნევროლოგ ალექსანდრე ცისკარიძის განცხადებით, პაციენტის ნევროლოგიური სტატუსის ჭრილში „გარკვეული პოზიტიური ძვრები აღინიშნება“, მაგრამ ჯერ ისევ „რჩება გარკვეული ცვლილებები“.

„იმედი გვაქვს, რომ ადეკვატური მკურნალობის ფონზე მდგომარეობა არ დამძიმდება. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ შეგვიძლია ვიყოთ მშვიდები, ცხადია - არა. საჭიროა ძალიან აქტიური და მნიშვნელოვანი პარამეტრების შემოწმება, ყურადღებიანი მონიტორინგი, ასე ვიტყოდი... ამის ფონზე შემდგომში ჩვენ ველოდებით, რომ მოხდება გართულებების თავიდან აცილება. თუმცა ჯერჯერობით სრულად ამისგან გარანტირებულები ჩვენ არ ვართ“, - უთხრა ჟურნალისტებს ალექსანდრე ცისკარიძემ.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექიმების მიხეილ სააკაშვილთან მუშაობის პროცესს შეესწრო ენმ-ის წარმომადგენელი გიორგი ჩალაძე.

როგორც მან განაცხადა, 20 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ექიმებს ენდობა და სრულად მათი რეკომენდაციების მიხედვით მოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG