Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიაბერაშვილი: „ვარდების რევოლუციის“ ადმინისტრაციის მთავარი შეცდომა იყო, რომ სწორ რაღაცეებს ვაკეთებთ და შეცდომებიც გვეპატიება


ილიაუნის პროფესორი ზურაბ ჭიაბერაშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ქვეყანაში „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ განვლილი პროცესების შეფასებისას ამბობს, რომ მთავარი შეცდომა, რომელიც "ვარდების რევოლუციის" შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ დაუშვა იყო ის, რომ მას შეცდომებიც ეპატიებოდა:

„ჩვენ დავიჯერეთ, რომ სწორ და კარგ რაღაცეებს ვაკეთებთ ქვეყნისათვის და მართლა ბევრი რამ გაკეთდა და ამიტომ გარკვეული შეცდომებიც გვეპატიება. და შესაბამისად ამ რწმენამ ხშირად დაგვიკარგა ხედვა იმ სერიოზული პრობლემებისა, რომელშიც შევაბიჯეთ, როგორც ხაფანგში და საბოლოო ჯამში მზარდი უკმაყოფილების ფონზე არჩევნები წავაგეთ... საბოლოო ჯამში, დღევანდელი გადმოსახედიდან, ისტორიულად, 2012 წლის 1 ოქტომბერი ჩანს, როგორც კონტრრევოლუცია ვარდების რევოლუციაზე. ისტორიულად ხომ ვიცით, რომ რეფორმაციას კონტრრეფორმაცია მოსდევდა, რევოლუციას კონტრრევოლუცია, ანუ რეაქციული რეჟიმი. დაახლოებით ასე ჩანს ახლა 2012“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მან გადაცემაში ისაუბრა იმაზეც, მისი აზრით, რატომ ცდილობენ „ივანიშვილი და ღარიბაშვილი ტალახით დასვარონ „ვარდების რევოლუცია“. კერძოდ, ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ „ვარდების რევოლუციის“ დაკნინების მიზანი მოქმედი ხელისუფლების მხრიდან არის ერთგვარი მტკიცება იმისა, რომ ქვეყანას წარმატება არ შეუძლია და ცვლილებებს და გარდატეხას აზრი არ აქვს:

„ჩვენ რასაც ვხედავთ მუდმივად არის ის, რომ ეს 2003-2012 წლების წარმატება გაიდღაბნოს 30 წლის პერსპექტივაში და ვთქვათ, რომ საქართველოს ამ 30 წლის განმავლობაში წარმატების მაგალითი არ ჰქონია. ეს არის დღეს საქართველოში ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის ამოცანა. რატომ? ამას 2 მიზეზი აქვს. ერთი, რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი ახსნაა, რომ პოლიტიკური ოპონენტი დაამცირო, გაანადგურო და ასე შემდეგ. ეხლა როგორ მოექცნენ სააკაშვილს ციხეში ეს სრულიად ხსნის რა დამოკიდებულება აქვთ მათ "ვარდების რევოლუციის" მიმართ. მაგრამ უფრო ფუნდამენტური მიზეზი არის შემდეგი - თუკი დღევანდელი რეჟიმი არის წარუმატებელი, ქვეყანა საერთაშორისო დღის წესრიგიდან გაქრა ან თუ ჩანს საერთაშორისო პროცესში, ჩანს ძალიან ნეგატიურად, თუკი ქვეყანა სიღარიბისკენ შებრუნდა... თუ ქვეყანა წავიდა ისევ სიღარიბეში, უპერსპექტივობაში, უიმედობაში, აპათიაში და ამავდროულად, ამ ქვეყანას აზის კორუმპირებული კრიმინალური ბანდა, ამ ბანდამ თავისი არსებობა რითი უნდა გაამართლოს? უნდა გვითხრას ჩვენ, მოქალაქეებს, რომ იცით რა, ეს ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, საქართველოს არასოდეს წარმატება არ ჰქონია, არც შეუძლია წარმატება. 2013 წლის პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა პირდაპირ გვითხრა, რომ ეს აჩემება, რომ საქართველო გზაჯვარედინი უნდა იყოს, აღმოსავლეთ-დასავლეთს შემაერთებელი ხიდი არაო, ჩვენ უნდა ვიყოთ არაამბიციური ორღობე, ანუ საბოლოო ჯამში, ჭორვილას ორღობე და ასეთადაც ვიქეცით“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „დილის საუბრებში“.

„ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილია 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მისი გაყალბების წინააღმდეგ დაწყებული მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები, რასაც 23 ნოემბერს მოჰყვა პრეზიდენტის თანამდებობიდან ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და ხელისუფლების შეცვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG