ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი „ქართული ოცნების“თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან, მაკა ბოჭორიშვილთან სტრასბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მიატოვიჩისთვის მიუღებელია საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ, მისი და მისი აპარატის მიერ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და შიმშილობის საკითხზე მუშაობასთან დაკავშირებით.
„მივესალმები სახალხო დამცველს და მის ოფისს მათი ძალისხმევისთვის, დაიცვან ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი სტანდარტები ყველას მიმართ, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ხორციელდება“,- ნათქვამია დუნია მიატოვიჩის განცხადებაში, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ვენეციის პრინციპების თანახმად, წევრი ქვეყნები ვალდებული არიან ეფექტიანად დაიცვან თავიანთი ომბუდსმენის ინსტიტუტები ნებისმიერი საფრთხისა და ქმედებებისგან, რომლებიც მიზნად ისახავს ან გამოიწვევს რაიმე დაბრკოლებას მათ ეფექტიან ფუნქციონირებაში.
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სახალხო დამცველმა, მისმა ოფისმა და მასთან დაკავშირებულმა ექსპერტებმა შეძლონ იმუშაონ ისეთ გარემოში, რომელიც მათთვის ხელსაყრელია, თავიანთი მანდატის დამოუკიდებლად, ეფექტიანად და უსაფრთხოდ განსახორციელებლად“,- ნათქვამია განცხადებაში,
მიატოვიჩს თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მათ შორის ევროპის საბჭოსთვის, ძალზედ მნიშვნელოვანია, ომბუდსმენის ინსტიტუტის ექსპერტიზისადმი ნდობა.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თანახმად, ის ამ და ადამიანის უფლებათა სხვა საკითხებს საქართველოში მომავალი წლის თებერვალში ვიზიტისას განიხილავს.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად იმყოფება სტრასბურგში. ისინი შეხვედრებს გეგმავენ ევროპარლამენტარებთან.
სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტთა ჯგუფის 17 ნოემბრის დასკვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვლის ჯანმთელობის მდგომარეობის შესახებ პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დოკუმენტს ყალბი ("ფეიკი") დასკვნაც უწოდა.
19 ნოემბერს, სააკაშვილის შიმშილობის დაწყებიდან 50 დღეს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ექსპრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოს სასამართლომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის ეპიზოდზე პატიმრობა მიუსაჯა, ქვეყანაში სექტემბრის ბოლო დღეებში დაბრუნდა. ის პოლიციამ თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავა და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანა.
სააკაშვილმა, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით, დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მისი პირადი ექიმი, ოჯახის წევრები, ადვოკატები და რიგითი მოქალაქეები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან არიდების მიზნით, მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ. ხელისუფლება ამბობდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანდნენ გლდანის სამედიცინო პენიტენციურ დასებულებაში. ასეც მოიქცა ხელისუფლება 8 ნოემბერს და ის გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოათავსა. 50-დღიანი შიმშილობისა და ხელისუფლების ხანგრძლივი უარის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს ღამით გადაიყვანეს.
დაწერეთ კომენტარი