Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომჯარიას თქმით, ვიხილეთ „უპრეცედენტოდ თავხედური" განცხადებები და თავდასხმა ექიმების მიმართ


ნინო ლომიარია
ნინო ლომიარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელიც ვილნიუსში იმყოფება საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერით გამოეხმაურა მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებებს სამედიცინო ექსპერტთა გუნდის დასკვნასთან დაკავშირებით.

„არ შემეძლო ეს საკითხი დამეტოვებინა კომენტარის გარეშე, ვინაიდან დღეს ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტოდ თავხედური, არაპროფესიონალური განცხადებები და თავდასხმა ჩვენი საზოგადოების ყველაზე პატივსაცემი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიმართ და მე მინდოდა დამეფიქსირებინა ჩემი აღშფოთება ამ საკითხით. ჩემი მხარდაჭერა არ მარტო კონსილიუმის იმ წევრების მიმართ, რომლებიც უბრალოდ ერთ ზარზე დაგვთანხმდნენ უყოყმანოდ, რომ ყოფილიყვნენ ამ კონსილიუმის შემადგენლობაში, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოების მიმართ, რომლებსაც მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის პირობებში, ფეხზე დგას ტაშს უკრავს, ექიმებს, მათ თავდადებას. მათ მხრებზე, მათ ჯანმრთელობაზე, მათ თავდადებაზე გადაიარა ამ პანდემიამ და დღეს ადამიანები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის კარგი, არცერთი სიცოცხლე არ აქვთ გადარჩენილი, ბედავენ და ამ სიტყვებით, ამ გაუგონარი, წარმოუდგენელი წინადადებებით არა მარტო თავს ესხმიან და ცდილობენ ამ ადამიანების შეუბღალავი რეპუტაციის დისკრედიტირებას, არამედ ემუქრებიან კიდევაც მათ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, ადამიანის უფლებადამცველები შეჩვეულები არიან ამ რეჟიმში ცხოვრებას, მაგრამ ეს ძალიან დიდი სტრესია სხვა პროფესიის ადამიანებისთვის. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც სამედიცინო სფეროსთან არავითარი შეხება არ აქვს, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეულ ადამიანებზე საუბარი, სულმდაბალი საქციელია.

სახალხო დამცველი გამოეხმაურა პოლიტიკოსთა შეფასებებს იმის შესახებ, რომ სამედიცინო ექსპერტების დასკვნა, შესაძლოა, იყოს მიკერძოებული, ვინაიდან მათ პოლიტიკური სიმპათიები აქვთ. ნინო ლომჯარიას თქმით, ექსპერტობა არ ნიშნავს, რომ რომელიმე პოლიტიკური მოვლენის მიმართ იყო სტერილური, „მათ შორის პოლიტიკური პროცესების თაობაზე“ ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება.

„მე არ ვიცი ამ ექსპერტებს რა აქვთ წარსულში ნათქვამი და არც მაინტერესებს, მაგრამ თუ რამე აქვთ ნათქვამი, ეს არის მათი უფლება, ეს არის გამოხატვის თავისუფლება საქართველოში, რომელიც არის აღიარებული და დაცული კონსტიტუციით და არ შეიძლება ადამიანის მიერ გამოთქმული მოსაზრება მისი პროფესიული კვალიფიკაციის დისკრედიტაციისთვის გამოვიყენოთ, ეს არის ადამიანის უფლებების და დემოკრატული ღირებულებების არასწორი ინტერპრეტაცია, თუ ჰგონიათ, რომ აზრი და გამოხატვის თავისუფლება ეს არის კომპრომატი ვინმესთვის, მაშინ, ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებაში კი არა ვცხოვრობთ, არამედ ტოტალიტარულ სახელმწიფოში“, - თქვა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ არსებული ვითარება უნდა დასრულდეს. მან თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან საუბრისას, მან შესთავაზა განიხილოს ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, გორის ჰოსპიტალში გადაყვანა.

"უპასუხო კითხვები", "მოსალოდნელი პასუხისმგებლობა" და "პოლიტიკურად მოტივირებული", - ეს იყო მთავარი გზავნილები, რომლებსაც სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის გაცნობის შემდეგ ავრცელებენ მმართველი პარტიის წევრები.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით "ფეიკი" - ყალბი ინფორმაცია უწოდა.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, როცა იდება ასეთი "ფეიკ" დასკვნა, მათ შორის ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ - წარმოიდგინეთ ამ "ფეიკს" მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია. ამ შემთხვევაში ეს მორიგი "ფეიკი" ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და ექიმის", - თქვა კობახიძემ.

სახალხო დამცველის აპარატმა კობახიძის განცხადება ზეწოლის მცდელობად შეაფასა.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა 17 ნოემბერს გამოაქვეყნა.

„პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", - ვკითხულობთ დასკვნაში.

დასკვნის სრული ტექსტი შეგიძლია იხილოთ აქ

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები. იგივე მოთხოვნით 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია. 14-16 ნოემბრიდან შიმშილობას შეუერთდნენ დეპუტატები და საკრებულოს წევრები თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში. თბილისში შიმშილობა აქვთ გამოცხადებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ბარამიძესაც და "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელს, ვილი პაჭკორიას. 16 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG