სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 24 ნოემბერს გლდანის ციხეში გარდაცვლილ 32 წლის პატიმარს, უკრაინის მოქალაქეს ეგორ გრეგენკოს, გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.
როგორც პენიტენციური სამსახური საინფორმაციო სააგენტო რადიო თავისუფლებას ეუბნება, ოჯახის ექიმის მიერ უკრაინულ ენაზე მსჯავრდებულის 2006-2010 წლებში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ პატიმარს დადგენილი ჰქონდა პერინატალური ენცეფალოპათიის ნარჩენი მოვლენები, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებული გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმდინარე წლის 30 ივლისს მოთავსდა და მას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით ჰქონდა მისჯილი და გასამართლებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას:
„დაწესებულებაში შემოსვლისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება, ანტიტუბერკულოზური სკრინინგი და COVID19-ის ინფექციაზე ანტიგენ სწრაფი ტესტი. პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ჩაუტარდა Covid-19 საწინააღმდეგო „ვაქცინაცია ,,ფაიზერის“ ორი დოზით. 18.08.2021 წ. მსჯავრდებულს ჩაუტარდა ოჯახის ექიმის კონსულტაცია და რაიმე ჩივილი არ წარმოუდგენია. 19.11.2021 წ. ოჯახის ექიმმა განიხილა უკრაინულ ენაზე 2006-2010 წლებში არსებული მსჯავრდებულის სამედიცინო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც გაირკვა, რომ პატიმარს დადგენილი ჰქონდა პერინატალური ენცეფალოპათიის ნარჩენი მოვლენები. ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი. 24 ნოემბერს, დაახლოებით 07:05 საათზე, მორიგე ექიმმა დააფიქსირა საწოლში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც გასინჯვით მაგისტრალურ და პერიფერიულ სისხლძარღვებზე პულსაცია არ აღენიშნებოდა. არ ისმინებოდა გულის ტონები და სუნთქვა, ასევე, გუგის რეაქცია სინათლეზე იყო უარყოფითი. გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. რეანიმაციული ღონისძიებების პარალელურად გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დააფიქსირა გარდაცვალების ფაქტი. მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა”.
პატიმრის ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, გრეგენკო სამარტოო საკანში გადაყვანას ითხოვდა:
"თავის ტკივილები აწუხებდა. თანასაკნელებთან პრეტენზია არ ჰქონდა. თავის ტკივილები ჰქონდა და ამიტომ უნდოდა მარტო გადასვლა. ბოლოს 10 დღის წინ ვნახე. ამ ეტაპზე, სხვა დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს".
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დაწერეთ კომენტარი