ემიგრაციაში მყოფმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ ევროპის კავშირს მოუწოდა, მეტი გააკეთოს ბელარუსის ხალხის დასახმარებლად, რომელსაც მან უწოდა მშვიდობისთვის ბრძოლაში „დავიწყებული ევროპელები“.
ევროპის პარლამენტში გამოსვლისას ციხანოუსკაიამ ილაპარაკა ბელარუსში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დაკავებასა და დაპატიმრებაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ბელარუსის საზღვარზე პოლონეთთან, ლიეტუვასთან და ლატვიასთან, ცხადყოფს, რომ ბელარუსში თავისუფლებისთვის ბრძოლა დაკავშირებულია ზოგადად ევროპაში თავისუფლებისთვის ბრძოლასთან.
ციხანოუსკაია ოპოზიციის მთავარი კანდიდატი იყო ბელარუსის 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც ოფიციალურ გამარჯვებულად მეექვსედ გამოაცხადეს ქვეყნის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა.
ოპოზიცია და დასავლეთი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ დამოუკიდებელი მეთვალყურეების მონაწილეობით.
არჩევნებს ბელარუსში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ლუკაშენკას რეჟიმმა სასტიკად ჩაახშო დემონსტრაციები. იმისთვის, რომ ოჯახის წევრებისთვის საფრთხე არ შეექმნა, ციხანოუსკაიამ დატოვა ბელარუსი და ამჟამად ის ლიეტუვაში ცხოვრობს.
დაწერეთ კომენტარი