Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სირცხვილიას" კლიპის განთავსების გამო "მთავარი არხი" 111 903 ლარით დააჯარიმეს


ტელეკომპანია "მთავარი არხი", სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" კლიპის ეთერში განთავსების გამო, კომუნიკაციების კომისიამ 111 903 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ დღევანდელ, 25 ნოემბრის, სხდომაზე მიიღო.

საუბარია იმ ვიდეოკლიპზე, რომელშიც მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" დეპუტატების კოლაჟი, ამავე პარტიის ჰიმნის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ფოტოდ გარდაიქმნებოდა.

კომისიამ მიიჩნია, რომ ეს იყო პოლიტიკური რეკლამა. კომისია აღნიშნავს, რომ მსგავსი დარღვევა ტელეკომპანიას ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე დაუფიქსირდა და გამოყენებულმა ჯარიმამ არ იქონია პრევენციული ხასიათი.

"იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას სანქციის მიზანი, მიზანშეწონილია, რომ სანქციის სახით გამოყენებული იყოს ჯარიმის ზედა ზღვარი, ვინაიდან ერთხელ მას მსგავსი დარღვევისთვის დაეკისრა 2500 ლარი, რამაც პრევენციული ხასიათი ვერ იქონია, რის შემდეგაც [შემოსავლის] 1-პროცენტიანი ჯარიმის ოდენობით დასანქცირდა კომპანია", - თქვა კომისიის იურისტმა თამარ ხუხუნაიშვილმა.

"მთავარი არხი" მიიჩნევს, რომ აღნიშნული კლიპი პოლიტიკური რეკლამა არაა, იმის მიუხედავად, რომ, შესაძლოა, მასში პოლიტიკური შინაარსი იყოს გამოხატული. არხის იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ ვიდეო თავისი შინაარსით არ ჯდებოდა "პოლიტიკური რეკლამის" განმარტებაში, როგორც ეს კანონშია ახსნილი.

"სამოქალაქო აქტივისტი თუ პოლიტიკაა, მაშინ ჩათვალეთ, რომ იყო პოლიტიკური რეკლამა... გეკითხებით, რომ მქონდეს საკუთარი შეხედულება სამოქალაქო უფლებების, თუნდაც პოლიტიკის მიმართ - ეს აკრძალულია? ცხადია, ეს არ არის აკრძალული...

შინაარსის განხილვაში ხომ შეხვედით?! მითხარით, რა ჩაითვალა პოლიტიკურ რეკლამად - "ქართული ოცნების" წევრების გამოსახულებით იქმნება მოზაიკა და გარდაიქმნება პუტინის სახედ - მაინტერესებს სად არის აქ პოლიტიკური რეკლამა? პუტინს ვირჩევთ, თუ "ოცნებას" ვირჩევდით ამ პერიოდში? არადა, არჩევნები დასრულებული იყო", - უთხრა მურადაშვილმა კომისიის წევრებს.

კომისია განმარტავს, რომ მხოლოდ "სირცხვილიას" კლიპის გამო არ დაუჯარიმებიათ არხი. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, "მთავარი არხის" ეთერში განთავსდა კიდევ ორი ვიდეორგოლი, რომელთაც კომისია ასე აღწერს:

  • ერთ ვიდეორგოლში ნაჩვენებია პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო, რომელსაც აწერია #თავისუფლებამიშას, რასაც მოსდევს საქართველოს პენიტენციური სამსახურის იმ ხელმძღვანელი პირებისა და მოსამართლეების ფოტოები, რომელთაც შეხება ჰქონდათ სააკაშვილის საქმესთან მისი დაპატიმრების შემდეგ და თითოეული ფოტოს ბოლოს ისმის სიტყვა -„კლავს“, აღნიშნული სიტყვა წერილობით ისახება ეკრანზე, ვიდეორგოლის ბოლოს კი ისმის მოწოდება: „გაათავისუფლე მიხეილ სააკაშვილი“;
  • მეორე ვიდეორგოლში წარმოდგენილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის, საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ლიდერების, დეპუტატის, თბილისის მერის მიერ სააკაშვილის პატიმრობასთან და შიმშილობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიდან ამონარიდები და თითოეული განცხადების ბოლოს ისმის ხმა - „კლავს“, ვიდეორგოლის ბოლოს ისმის მოწოდება „უთხარი მკვლელებს არა“, „#თავისუფლებამიშას“.

არხს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ერთი თვე აქვს.

XS
SM
MD
LG