Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმე: საქართველოს პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს


პოლიტიკური პარტიები „დროა", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „ლელო" და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" საქართველოს პროკურატურასთან აქციას მართავენ. პროტესტი ეხება „ნაციონალური მოძრაობიდან" ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საკითხს.

აქციის მონაწილეები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ:

  • გადადგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე!
  • სასწრაფოდ გამოიძიონ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლისა და მუქარის საქმე და მისი გარდაცვალების მიზეზები!
  • დაისაჯოს ამ საქმეში მონაწილე ყველა პირი!

24 ნოემბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ადასტურებს "ქართული ოცნების"მიერ ორგანიზებულ ზეწოლას "ნაციონალური მოძრაობიდან" ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარული სისტემით არჩეულ ნუგზარ ფუტკარაძეზე.

ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი იყო სისხლში შაქრის დონის მატება.

კირთაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძე იყო ერთ-ერთი პირველი, რომელზეც ზეწოლა და მისი მოსყიდვის მცდელობა დაიწყო. კირთაძის თქმით, ფუტკარაძესთან მოლაპარაკებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით სათავეში ჩაუდგნენ ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში „მაღალჩინოსანი ძალოვნები“ ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე, რომლებმაც რეგიონი „აჭარის რევოლუციის“ შემდეგ დატოვეს და ბათუმში დაბრუნდნენ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ. კირთაძის თანახმად, თაბაგიძე, რომელიც აბაშიძის მმართველობისას სამძებრო სამსახურის უფროსი იყო და ბაკურიძე, რომელიც უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა, არაერთხელ შეხვდნენ ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელმაც საუბრები ჩაიწერა.

თავად თორნიკე რიჟვაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ბრიფინგამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ "წინასწარ დაანონსებულ ჩანაწერებში" მისი ოჯახის წევრი არ ფიგურირებს, ყველასგან ბოდიშს მოითხოვს.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ერთპიროვნული უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმები ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. 16 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და საერთო ჯამში, 19 ოპოზიციამ: "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 15, პარტიამ "საქართველოსთვის" - 3 და "ლელომ" - 1.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG