Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენდოკრინოლოგი სააკაშვილზე: კმაყოფილი ვარ, რასაც ველოდი, ის შედეგი მაქვს


ექიმთა სახელმწიფო კონსილიუმის წევრი, ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე ამბობს, რომ შიმშილობის შემდეგი მკურნალობის ეტაპზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კრიტიკული პერიოდი გადალახა. ელენე გიორგაძემ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის კვების რაციონი იზრდება და მისი მოლოდინები მართლდება.

"დინამიკა ისევ გვაქვს დადებითი. საერთო ცილა ნორმის ფარგლებშია, ზოგ-ზოგიერთი მაჩვენებელი უკვე მოდის ნორმაში... კალორაჟიც და რაციონიც გაფართოვდა - ნელ-ნელა შემოდის სხვადასხვა პროდუქტი კვებაში. მადლობა ღმერთს, მისი ორგანიზმი გვაძლევს საშუალებას და მივდივართ მშვიდად. ახლა კვებასთან დაკავშირებით არანაირი გართულება არ გვქონია... თითოეული პროდუქტის დამატება ხდება მასთან შეთანხმებით... მე, როგორც ენდოკრინოლოგი, ვარ კმაყოფილი, რასაც ველოდი, მე ეს [შედეგი] დღესდღეობით მიღებული მაქვს", - თქვა ექიმმა.

20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამკურნალოდ გადაიყვანეს. სააკაშვილი დასთანხმდა იუსტიციის მინისტრის წინადადებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლის შესახებ, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.

მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.

1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანდნენ, იმ დათქმით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG