Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის რეზოლუცია გმობს რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს"


ევროპის პარლამენტმა მოიწონა რეზოლუცია, რომელიც გმობს კერძო სამხედრო კომპანიების მებრძოლთა მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს“ და „მის კავშირებს რუსეთის სახელმწიფოსთან“, - წერს Deutsche Welle.

დოკუმენტს მხარი დაუჭირა 548-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 40, 43-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტარები „მკაცრად გმობენ რუსეთის გასამხედროებული ორგანიზაცია „ვაგნერის ჯგუფის“ და მასთან დაკავშირებული კერძო სამხედრო სტრუქტურების მიერ ჩადენილ ამაზრზენ დანაშაულებს სხვადასხვა კონფლიქტის ზონაში“.

დოკუმენტში მითითებულია „დამაჯერებელ მტკიცებულებებზე, რომ რუსეთის სახელმწიფო პასუხისმგებელია ამ გასამხედროებული დაჯგუფებების დაფინანსების, გაწვრთნის, ხელმძღვანელობისა და ოპერატიული მეთაურობისთვის“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტის დეპუტატები დარწმუნებული არიან, რომ „ვაგნერი“ და რამდენიმე სხვა გასამხედროებული კონტრაქტორი ორგანიზაცია განხილულ უნდა იქნენ „რუსეთის სახელმწიფოს ნდობით აღჭურვილ ორგანიზაციებად, რომლებიც მის ინტერესებში მოქმედებენ“.

ამასთან დაკავშირებით ისინი მოსკოვს მიმართავენ მოწოდებით, იზრუნოს რუსეთის სისხლის სამართლის 359-ე მუხლის შესრულებაზე, რომელიც კრძალავს დაქირავებულ მებრძოლთა აყვანას, გაწვრთნას, დაფინანსებას და მომარაგებას, ასევე შეიარაღებულ კონფლიქტებში მათ გამოყენებას.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „ვაგნერის“ შესახებ პირველად ცნობილი გახდა 2014 წელს ყირიმის ანექსიასა და დონბასის კონფლიქტში მისი მონაწილეობის გამო. დაქირავებული მებრძოლები ასევე მოქმედებდნენ სირიაში, სუდანში, მოზამბიკში, ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და ვენესუელაში.

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კიევის ძალისხმევას, კერძო სამხედრო კომპანიის წევრთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში გადაცემისთვის. ამავე დროს ევროპარლამენტში მიესალმნენ ევროპულ საბჭოში მიღწეულ შეთანხმებას „ვაგნერისთვის“ სანქციების დაწესების თაობაზე.

ევროპარლამენტარებმა რუსეთის დაქირავებული მეომრების წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდეს ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსაც, კერძოდ აფრიკული კავშირის წევრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG