Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევმა პასპორტები გაუუქმა დაზვერვის ხუთ ყოფილ თანამშრომელს


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ვასილი ბურბა.

უკრაინის ხელისუფლებამ სამგზავრო პასპორტები გაუუქმა დაზვერვის ხუთ ყოფილ თანამშრომელს, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ გასულ წელს რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრების დაკავების წარუმატებელი ოპერაციის მომზადებაში.

ამას მოწმობს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიება. გამოძიება ავსებს „ვაგნერის“ წევრთა წინააღმდეგ ოპერაციის შესახებ ახლახან პროექტ Bellingcat-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის ზოგიერთ დეტალს.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტების თანახმად, შარშან აგვისტოში ოპერაციის ჩავარდნიდან ერთი კვირის შემდეგ გაათავისუფლეს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მინიმუმ ხუთი თანამშრომელი, მათ შორის მისი ხელმძღვანელი ვასილი ბურბა. შემდგომში ყველას გაუუქმეს უცხოეთის პასპორტები და აუკრძალეს უკრაინის დატოვება.

როგორც ერთ-ერთმა ყოფილმა მზვერავმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ხელისუფლებას არ სურს, რომ ის და მისი ყოფილი კოლეგები Bellingcat-ის გამომძიებლებს შეხვდნენ.

2020 წლის ივლისში ბელარუსში დააკავეს რუსეთის 33 მოქალაქე, რომელთა უმრავლესობა დაკავშირებული იყო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“, მათ შორის მონაწილეობას იღებდნენ საბრძოლო მოქმედებებში დონბასში. მოგვიანებით ისინი რუსეთს გადასცეს, თუმცა მათ გადაცემას ითხოვდა უკრაინა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, უკრაინის სპეცსამსახურები მათი დაკავების ოპერაციას გეგმავდნენ. ოპერაცია ჩავარდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც თავდაპირველად მოიწონა ოპერაციის ჩატარება, „ვაგნერის“ წევრთა დაკავების ერთი კვირით გადადება მოითხოვა, რათა ოპერაციას ხელი არ შეეშალა დონბასთან დაკავშირებით მიღწეული საზავო შეთანხმებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG