Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკას თქმით, ბელარუსიდან არ მოხდება ლტოლვილთა დეპორტირება


მიგრანტები ბელარუსში, პოლონეთის საზღვართან მდებარე ლოგისტიკურ ცენტრში.
მიგრანტები ბელარუსში, პოლონეთის საზღვართან მდებარე ლოგისტიკურ ცენტრში.

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ პარასკევს განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლება არ მოახდენს ახლოაღმოსავლელ ლტოლვილთა დეპორტაციას იმ ქვეყნებში, საიდანაც ისინი ჩამოვიდნენ.

ლუკაშენკა ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე ჩავიდა და შეხვდა მიგრანტებს, რომლებიც სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ცენტრში არიან განთავსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტის მახლობლად.

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დაგაკავებთ, არ ჩაგსვამთ თვითმფრინავებში და არ გაგიშვებთ სამშობლოში, თუკი ეს არ გსურთ“, - მოჰყავს ბელარუსის სახელმწიფო მედიას ლუკაშენკას სიტყვები. ცნობების თანახმად, მიგრანტები ლუკაშენკას ტაშით შეხვდნენ.

ევროკავშირის ქვეყნები ლუკაშენკას ბრალად სდებენ, რომ სწორედ ის დგას საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის უკან. ევროკავშირის თანახმად, ბელარუსის ხელისუფლება ხელს უწყობს ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების მოზიდვას და მათ ეხმარება პოლონეთის საზღვრამდე მისვლაში, რათა მათ შემდეგ საზღვრის გადაკვეთა სცადონ.

ასეთი მოქმედებების მიზნად ასახელებენ ევროკავშირის დესტაბილიზაციას, პასუხად დასავლეთის სანქციებზე, რომლებიც მინსკს დაუწესეს ოპოზიციის წინააღმდეგ სასტიკი ზომებისთვის.

ნოემბრის დამდეგს საზღვარზე ვითარების მკვეთრი გაუარესების შემდეგ უკანასკნელ დღეებში მდგომარეობა შედარებით დაწყნარდა. საზღვრის გარღვევის მცდელობებმა იკლო, გაქრა ლტოლვილთა სტიქიური ბანაკები, ბელარუსის ხელისუფლებამ მიგრანტები ლოგისტიკურ ცენტრში განათავსა.

ბელარუსი დატოვა ათასამდე მიგრანტმა, ისინი ერაყში დაბრუნდნენ. ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე კიდევ 2000-მდე მიგრანტი რჩება. როგორც იტყობინებიან, ლუკაშენკამ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შესთავაზა ამ ადამიანების მიღება და დაჰპირდა, რომ ყველა დანარჩენს სამშობლოში დააბრუნებდა. მაგრამ ევროკავშირში არ დაიწყეს ამ წინადადების განხილვა.

ამჟამად ევროკავშირში განიხილება ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხი. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, პარასკევს მიღწეულ იქნა პოლიტიკური შეთანხმება სანქციების სიაში 28 ფიზიკური და იურიდიული პირის შეყვანის თაობაზე. როგორც მოსალოდნელია, სიას 1 დეკემბერს დაამტკიცებენ. კონკრეტული დეტალები არაა ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG