Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

B.1.1.529 - რას უმზადებს მსოფლიოს კორონავირუსის ახალი შტამი?


B.1.1.529 - ეს COVID19-ის ახალი მუტირებული შტამის ოფიციალური სახელია. ახალ შტამს, სავარაუდოდ, დღეს მიენიჭება კიდევ ერთი, ბერძნული ანბანის მორიგი ასოს მიხედვით შერჩეული სახელიც, როგორც ეს წინა მუტაციების შემთხვევაში მოხდა - „ალფა“, „დელტა“, „ლამბდა“, „მიუ“. კორონავირუსის თემაზე მომუშავე უცხოელი ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსის ახალ შტამს, რომლის შესახებაც ინფორმაცია 25 ნოემბერს გაავრცელა სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრმა, „ნიუ“ ეწოდოს.

მეცნიერები შიშობენ, რომ წინა შტამებისგან განსხვავებით, ახალი შტამი შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გადამდები იყოს. მათივე განცხადებით, B.1.1.529 რადიკალურად განსხვავდება მისი ორიგინალი, უჰანური შტამისგან და ის თავის თავში აერთიანებს კორონავირუსის ოთხი წინამორბედის მუტაციებს:

„ამ ვარიანტმა ნამდვილად გაგვაოცა. ევოლუციის თვალსაზრისით დიდი ნახტომი გააკეთა და იმაზე მეტი მუტაცია დაგვახვედრა, ვიდრე ველოდით“, - ასე დაახასიათა 25 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, სამხრეთ აფრიკაში ეპიდემიისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ტულიო დე ოლივეირამ კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც მისი თქმით, „იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ელოდნენ“. პროფესორი დე ოლივეირა არ გამორიცხავს, რომ მომდევნო დღეებსა და კვირებში გაიზარდოს დატვირთვა ჯანდაცვის სისტემაზე. მან მოუწოდა მოქალაქეებს „თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს“.

პროფესორ დე ოლივეირას განცხადებით, ახალ შტამში სულ 50 მუტაცია დაფიქსირდა და მათ შორის, 30-ზე მეტი სპაიკ პროტეინში. სწორედ სპაიკ პროტეინია დღეს მოქმედი კოვიდ-ვაქცინების მთავარი გასანეიტრალებელი სამიზნე - გასაღები, რომელიც ვირუსს უღებს კარს უჯრედებში შესაღწევად. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ დონის მუტაცია წარმოიქმნა ერთი კონკრეტული პაციენტისგან, რომელმაც ვერ შეძლო ვირუსის დამარცხება.

ექსპერტების თქმით, ბევრი მუტაცია აპრიორი არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა რთულია. თუმცა ამბობენ, რომ ახლა აუცილებელია გაირკვეს, „რა შეუძლია ამ მუტაციებს“.

ახალი შტამი და ვაქცინა

მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ ჯერჯერობით, ნაადრევია ლაპარაკი იმაზე, თუ რამდენად რეზისტენტული შეიძლება იყოს ახალი შტამი დღეს არსებული ვაქცინების მიმართ, მაგრამ იმასაც შიშობენ, რომ რაკიღა ახალი ვარიანტი რადიკალურად განსხვავდება მისი წინამორბედებისგან, შესაძლოა ვაქცინები მის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურნი გამოდგნენ.

მსგავსი საფრთხეები არსებობს ყოველი ახალი შტამის დაფიქსირების შემთხვევაში. ასეთი რისკი არსებობდა „დელტა“ შტამის აღმოჩენის დროსაც, თუმცა, მაშინ დადასტურდა, რომ მაგალითად, ამერიკულ-გერმანულმა „ფაიზერმა“ 88%-იანი ეფექტიანობა აჩვენა ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევაში გართულებების პრევენციის თვალსაზრისით. რაც შეეხება, ბრიტანულ-შვედურ „ასტრაზენეკას“, მისი ეფექტიანობა 60%-ით შეფასდა.

გავრცელების მასშტაბი

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შტამის 77 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული სამხრეთ აფრიკის გოტენგის პროვინციაში, 4 შემთხვევა ბოტსვანის რესპუბლიკაში და ერთი - ჰონგ-კონგში. ჰონგ-კონგში გამოვლენილი შემთხვევა სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობას უკავშირდება.

არსებობს ვარაუდები, რომ კორონავირუსის ახალი შტამი უფრო ფართოდაა გავრცელებული. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ გოტენგის პროვინციაში გამოვლენილი ინფიცირების 90% სწორედ ახალი შტამს უკავშირდებოდეს, თუმცა, ამასთანავე, იმასაც ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, რთულია იმის თქმა, რომ კორონავირუსის მორიგი მუტირებული შტამი მის წინამორბედზე, „დელტა“ ვარიანტზე უფრო სწრაფად გავრცელდება. შეგახსენებთ, თუკი მაგალითად უჰანურ შტამს 1-3 ადამიანის დაინფიცირება შეეძლო, „დელტა“ შტამის შემთხვევაში ეს რიცხვი 8-9-მდე გაიზარდა.

მეცნიერები ამ დროისათვის, ვერც იმას ამბობენ, იქნება თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი „დეტლა“ ვარიანტზე უფრო მძიმედ მიმდინარე ვირუსი.

ჯერჯერობით არც ისაა ცნობილი, რამდენად მოახერხებს კორონავირუსის ახალი შტამი ფეხის მოკიდებას კარგად ვაქცინირებულ ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკაში მოსახლეობის მხოლოდ 24%-ია სრულად აცრილი, ანუ, ვაქცინაციის მაჩვენებელი ქვეყანაში საკმაოდ დაბალია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალ ვარიანტს უკვე მიანიჭა „მჭიდრო მონიტორინგის“ სტატუსი. ორგანიზაციის წარმომადგენლები პარასკევს გამართავენ ტექნიკურ შეხვედრას სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებთან. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება, რა სტატუსი მიენიჭება მუტირებულ შტამს, იქნება ის „ინტერესის გამომწვევი სახეობა“, თუ ვარიანტი, რომელიც „შეშფოთების საფუძველს“ წარმოადგენს.

ახალი შტამი და შეზღუდვები

ახალი შტამის აღმოცენების ფონზე, დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 26 ნოემბრიდან შეაჩეროს ფრენები სამხრეთ აფრიკასთან, ნამიბიასთან, ლესოთოსთან, ბოტსვანასთან, ესვატინის სამეფოსთან და ზიმბაბვესთან.

ამავე ქვეყნების მოქალაქეებს დაუკეტა საზღვარი ისრაელმაც. აიკრძალა ისრაელიდან ამ ქვეყნებში გამგზავრებაც. ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც აფრიკის სამხრეთში იმყოფებიან, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

ევროპა ახალი აფეთქებების პირისპირ

დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში კორონავირუსის „დელტა“ შტამი დომინირებს. ინფიცირების მატებასთან ერთად, მთელი რიგი ევროპული ქვეყნები კვლავ სხვადასხვა სახის შეზღუდვებს აწესებენ. მთავრობები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულებასთან ერთად ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო დაჩქარებას, ბუსტერ დოზების დამატებას და ვაქცინაციის პროცესში ბავშვების ჩართვას გეგმავენ.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ის მიმართავს ექსპერტებს განიხილონ ქვეყანაში 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციის საკითხი.

ამასთანავე, საფრანგეთში, უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი ბუსტერ დოზები 18 წლიდან ასაკიდან მოქალაქეებისთვის. ამ დრომდე, ბუსტერ დოზებით საფრანგეთში მხოლოდ 65 წელს ზემოთ მოქალაქეები და განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები იცრებოდნენ. გარდა ამისა, საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბუსტერ დოზის გაკეთება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთ თვეში ერთხელ. 25 ნოემბრის მონაცემებით, საფრანგეთის მოსახლეობის 69%-ია სრულად ვაქცინირებული.

მორიგ ეპიდაფეთქებას ებრძვის გერმანიაც. სადაც ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვმა 70 ათასს გადააჭარბა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, 24 ნოემბერს, მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ სავარაუდოდ, უკანასკნელ სხდომაზე, ემოციური სიტყვით მიმართა მომავალ კანცლერს, ოლაფ შოლცს და მოუწოდა, არ შეწყვიტოს ბრძოლა პანდემიასთან: „სიტუაცია ძალიან სერიოზულია. დღეს დაავადებულები ნიშნავს, რომ 10-14 დღეში ისინი რეანიმაციაში აღმოჩნდებიან. მნიშვნელოვანია ყოველი დღე“.

ნოემბერში, გერმანიის ჯანდაცვის სისტემა იძულებული გახდა დახმარებისათვის სხვა ქვეყნების საავადმყოფოებისთვის მიემართა.

გასული კვირიდან, გერმანიის ხელისუფლების მოთხოვნით, ტრანსპორტით მგზავრობისას თუ სამუშაო ადგილებზე მისვლისას, მოქალაქეები ვალდებულნი არიან წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა ან ცნობა, რომ ვირუსი გადატანილი აქვთ უახლოეს პერიოდში.

ექსპერტები გერმანიაში კოვიდ-პანდემიის აფეთქებას უკავშირებენ ვაქცინაციის შედარებით დაბალ რიცხვს. ქვეყანას ამ დროისათვის მოსახლეობის 69% ჰყავს სრულად ვაქცინირებული.

ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, დღეს საქართველოშიც კორონავისურის „დელტა“ შტამი დომინირებს. საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 25%. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავისურით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა და დაინფიცირდა 4 535 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG