Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროცესზე მისვლას შეძლებს


გიული ალასანია
გიული ალასანია

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა შვილი, მიხეილ სააკაშვილი, გიული ალასანიამ. მან ილაპარაკა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. „მე მომეჩვენა, რომ ოდნავ, თითქოს არის რაღაც გაუმჯობესება, მაგრამ თვითონ მითხრა, დილიდან ძალიან მაქანავებდაო“, - აღნიშნავს გიული ალასანია. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პატარა ოთახში იმყოფება.

„ძირითადად, ან წევს, ან ზის. მანძილი არ არის, რომ შევაფასო, როგორ დადის“, - შენიშნავს სააკაშვილის დედა. შეკითხვაზე, მოითხოვს თუ არა სხვა ოთახში გადასვლას, გიული ალასანიამ უპასუხა: „სხვა ოთახში გადაყვანაზე ლაპარაკიც არ არის“.

გიული ალასანიამ 29 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დასწრების საკითხზეც ილაპარაკა: „თვითონ დარწმუნებულია და მეც ვფიქრობ, რომ შეძლებს 29 ნოემბერს სასამართლო პროცესზე მისვლას“.

მიხეილ სააკაშვილის სანახავად, ასევე, იმყოფებოდა მისი შვილი ნიკოლოზ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაგეგმილი აქციის გამო, უარი არ თქვან მიხეილ სააკაშვილის პროცესზე მიყვანაზე. ამის შესახებ ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც სააკაშვილი შიმშილობის შემდგომ მკურნალობას გადის, მასთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან თქვეს.

ადვოკატი შოთა თუთბერიძე კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს 29 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მისვლაში ხელი რომ არ შეეშალოს, ადვოკატების თხოვნით, რამდენიმე დღით, სხდომამდე, უარი თქვა თავის ულტიმატუმზე, პროტესტის ნიშნად შეწყვიტოს მედიკამენტების მიღება იმის გამო, რომ მასთან თანაპარტიელ დეპუტატებს არ უშვებენ.

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება სხდომა, რომელზეც განიხილება 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალის გადამეტებით დაშლის საქმე. ამ საქმეში სააკაშვილი ბრალდებულია. სხდომის პარალელურად "ნაციონალური მოძრაობა" აქციის გამართვას გეგმავს.

20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სააკაშვილი დასთანხმდა იუსტიციის მინისტრის წინადადებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლის შესახებ, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.

მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.

1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანდნენ, იმ დათქმით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG