Accessibility links

site logo site logo

თამაზ მეჭიაური: თიანეთში "ოცნებამ" პირიქით გააკეთა, ბიუჯეტი ორჯერ ჩამიგდეს


თამაზ მეჭიაური - თიანეთის ყოფილი მერი

2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე თიანეთის მუნიციპალიტეტში არჩეული ოპოზიციონერი მერი, თამაზ მეჭიაური რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რომ, მისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოში თავისივე გუნდის მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტი ორჯერ ჩააგდო.

„უმრავლესობით იყო „ქართული ოცნება“ თიანეთის საკრებულოში. მე, ოპოზიციის წარმომადგენელმა მოვუგე მათ მერის არჩევნები. მაშინ სასამართლო დავები მქონდა და გვიან, 13 ნოემბერს შევუდექი მუშაობას. 15 ნოემბრამდე მქონდა ვადა, მოვიკითხე და რაც დამახვედრეს, [ბიუჯეტის] ზუსტად ის პროექტი წარვუდგინე საკრებულოს დასამტკიცებლად.

ორჯერ ჩააგდეს და ბოლოს, მგონი, შემდეგი წლის იანვარში დამტკიცდა ბიუჯეტი ისე, რომ ორჯერ ჩაგდებულ ვარიანტში ერთი სიტყვაც არ შემიცვლია. მესამედაც რომ არ მიეღოთ, საკრებულოსა და მერის რიგგარეშე არჩევნები ინიშნებოდა. სიტუაცია რომ აწონეს, მიხვდნენ, რომ არ ჰქონდათ მოგების შანსი და დაამტკიცეს [ბიუჯეტი].

ჯიბრი გამიწიეს, რომ ხელი შეეშალათ, თორემ არანაირი მოტივი არ ჰქონდათ. 5 წუთში მიიღებდნენ, მათი პარტიიდან რომ ყოფილიყო მერი​“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თიანეთის ყოფილმა მერმა.

თამაზ მეჭიაურის დაკვირვებით, ამის საპირისპირო მოხდა 26 ნოემბერს ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში, რაც მისთვის „ქართული ოცნების“ მიერ ვიწროპარტიული მიზნებით მოქმედებას ადასტურებს.

„ახლა [ბათუმსა და ქუთაისში] პირიქით - სწრაფად დაამტკიცეს [ბიუჯეტები]. იურიდიულად შეიძლება შეფუთეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბიუჯეტი იმ ახალი [ადგილობრივი] ხელისუფლების საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, რომელიც პასუხისმგებელია მის შესრულებაზე.

რისი ბრალია და პარტიული ინტერესით მოქმედებენ და მათი პარტიული ინტერესი უფრო წინ დგას, ვიდრე სახელმწიფო ინტერესი... ასე აწყობთ, ასე გააკეთებენ, ისე აწყობთ, ისე გააკეთებენ... რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, ის ხდება ახლაც“, - გვეუბნება თამაზ მეჭიაური.

26 ნოემბერს, ხმაურის, დაპირისპირებისა და ადამიანების დაჭერის ფონზე, ზუგდიდისა და ბათუმის 2017 წლის საკრებულოებმა დაამტკიცეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების 2022 წლის ბიუჯეტის პროექტები.

ამ ახალი ბიუჯეტით მოუწევთ მუშაობა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე არჩეულ დეპუტატებსა და მერს.

ბოლო წლების პრაქტიკით, როგორც ზუგდიდის, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ბიუჯეტები დეკემბრის მიწურულს მტკიცდებოდა.

ბიუჯეტების ნაჩქარევ დამტკიცებას პოლიტიკური გადაწყვეტილება ღიად უწოდა „ქართულმა ოცნებამ“. მმართველი პარტია ამ სვლას ოპოზიციის დესტრუქციული გეგმების წინააღმდეგ მიმართულ, განვითარებაზე ორიენტირებულ აუცილებელ გადაწყვეტილებას უწოდებს.

„მიღებულ იქნა მართლაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის მოლოდინში, უფრო სწორად - იმის პრევენციისათვის, რომ საბოტაჟის ეს წამოწყებული სტრატეგია არ ყოფილიყო წარმატებული და ამის რეალობა დაადასტურა ყველა იმ საქციელმა და მოქმედებამ, თუნდაც განცხადებულმა, თუნდაც ვერბალურმა ნაწილმა მათი მოქმედებებისა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა სულ ახლახან. ასე რომ, მართლაც, გიდასტურებთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ დამტკიცებულიყო ბიუჯეტი“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ 27 ნოემბერს.

თვითმმართველობის მკვლევარი, ვებპორტალის „თვითმმართველობის დროა“ რედაქტორი, მაგდა პოპიაშვილი კანონმდევლობის ცალსახა დარღვევას ვერ ხედავს. თუმცა, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს არის მანამდე უპრეცედენტო შემთხვევა, რომელიც თავის „უარყოფით კვალს დატოვებს“ თვითმმართველობის განვითარების ჭრილში და საბოლოოდ, „არა პარტიები, არამედ ზარალდება ხალხი, რომელსაც კონკრეტული საჭიროებები აქვს“.

პოპიაშვილისთვის ყოვლად გაუმართლებელია, როცა ადგილობრივი ბიუჯეტები მტკიცდება უფრო ადრე, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელზეც ის არის დამოკიდებული.

„ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს, სასამართლოში გაასაჩივროს ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოების ძველი შემადგენლობის მიერ 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტების ნაჩქარევად დამტკიცების ფაქტი.

როგორც ენმ-ის დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, იგეგმება საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობების გამოყენება და „ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები, როგორც იურისტებთან, ასევე ოპოზიციონერ დეპუტატებთან“.

ბათუმისა და ზუგდიდის 2017 წელს არჩეულ საკრებულოში უმრავლესობაშია "ქართული ოცნება". ეს მოცემულობა შეიცვალა 2021 წელს არჩეულ შემადგენლობაში.

ენმ-ში აცხადებენ, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამო ნაბიჯი მმართველმა პარტიამ იმის შიშით გადადგა, რომ ბიუჯეტის პროექტის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, საჭირო გახდებოდა ხელახალი არჩევნების ჩატარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG